
პოლონეთის პოლიციამ და სასაზღვრო სამსახურმა ბოლო დღეებში ჩატარებული რამდენიმე დამოუკიდებელი ოპერაციის დეტალები გაასაჯაროვეს. კრიმინალური ქრონიკის პარალელურად, ქვეყანაში აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვასა და იარაღის ფლობის წესების შესაძლო შემსუბუქებაზე აქტიური პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.
საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა. პოზნანში სამართალდამცავებმა 40 წლის მძღოლი შეაჩერეს, რომელსაც სასამართლოს მიერ მართვის უფლება ჩამოერთვა და ბინადრობის ვადაც ამოწურული ჰქონდა. პოზნან-ლავიცისა და კრაკოვ-ბალიცის აეროპორტებში საქართველოს სამი მოქალაქე შეიპყრეს, რომლებიც ირლანდიაში გაფრენას გაყალბებული და გადაკეთებული დოკუმენტებით ცდილობდნენ. გარდა ამისა, ვარშავის შოპენის აეროპორტში თბილისში გამგზავრებამდე აიყვანეს 51 წლის ქართველი, რომელსაც სამშობლოში თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ.
მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა სილეზიაში, სადაც სასაზღვრო სამსახურმა და ანტიკორუფციულმა ბიურომ 11-კაციანი ჯგუფი გამოააშკარავეს. გამოძიების ვერსიით, დაჯგუფება ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ძირითადად რუსეთიდან და ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს ბინადრობის უფლებას უკანონოდ უფორმებდა და ფულს ათეთრებდა. ამ საქმეში საქართველოს მოქალაქეები დასახელებულნი არ არიან.
მძიმე დანაშაული გახსნა ვარშავის პოლიციამაც. ვოლას რაიონში სამმა პირმა მამაკაცს მიწისქვეშა ავტოფარეხში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მანქანით ტყეში გადაიყვანა და დაბმულს ფული მოსთხოვა. სამივე ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა მათ მოქალაქეობას პოლიცია ჯერ არ აკონკრეტებს.
კრიმინალური ქრონიკის პარალელურად, პოლონეთი აქტიურად ამაგრებს თავდაცვის ხაზს და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას აძლიერებს. NATO-სა და ევროკავშირში პოლონეთის სამხედრო წარმომადგენლის, გენერალ პიოტრ ბლაჟეუშის განცხადებით, სუვალკის დერეფანსა და „ბრესტის კარიბჭესთან“ არსებული გამოწვევები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა ალიანსს თავდაცვის მოქნილი და სწრაფი გეგმები მომზადებული აქვს. ქვეყანა განაგრძობს მასშტაბური თავდაცვითი ინფრასტრუქტურული პროექტის — „აღმოსავლეთის ფარის“ განხორციელებას, რასაც ემატება საჰაერო თავდაცვის რეაგირების პროცედურების დაჩქარება და მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ფოტო: Straż Graniczna
მოამზადა ნათია ქიმაძემ