
მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკოსები, სამხედრო პირები, სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცრები და მეცნიერები რუსული დეზინფორმაციული ოპერაციის - Doppelgänger-ის (ორეული) მასალებში აღმოჩნდნენ. საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა (OCCRP) და ესტონურმა გამოცემა Delfi Estonia-მ 1 800-მდე სტატიაში გამოყენებული 500-ზე მეტი ინტერვიუ გააანალიზეს. გამოძიებამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, სად და რა მიზნით გამოქვეყნდებოდა მათი კომენტარები.
Doppelgänger-ი აქამდე დასავლური მედიასაშუალებების ვებგვერდების კლონირებითა და გაყალბებით იყო ცნობილი. თუმცა, OCCRP-ისა და Delfi Estonia-ს ერთობლივი კვლევის თანახმად, კამპანიის ოპერატორებმა ტაქტიკა შეცვალეს და ყალბი გვერდების პარალელურად, რეალური ადამიანების - ექსპერტებისა და კომენტატორების სტატუსით წარდგენილი პირების - ნამდვილი ინტერვიუების გამოყენებაც დაიწყეს.
ოპერაციის რეალური მასშტაბები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2024 წელს ქსელთან დაკავშირებული ვებგვერდი Recent Reliable News ჰაკერული თავდასხმის შედეგად ხელში ჩაიგდეს. კიბერშეტევის ავტორმა პორტალი პროპაგანდისტულ პლატფორმებზე გამოქვეყნებული ინტერვიუების ღია არქივად აქცია.
პოლიტიკოსები და სამხედროები რუსულ ნარატივებში
რესპონდენტთა სიაში მოხვდნენ აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის სადაზვერვო სამსახურების ყოფილი თანამშრომლები, ნატოს წევრი ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პოლიტიკოსები. განსაკუთრებით თვალშისაცემია გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმომადგენელთა აქტიურობა - Doppelgänger-თან დაკავშირებულ პორტალებზე პარტიის სულ მცირე ათი მოქმედი ან ყოფილი წევრის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
საუბრის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და დასავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო. გამოქვეყნებულ მასალებში მკაფიოდ იკვეთებოდა კრემლისთვის სასურველი გზავნილები: კიევის სამხედრო და ფინანსური დახმარების კრიტიკა, მოსკოვიდან მომავალი საფრთხის უგულებელყოფა და ევროპული სახელმწიფოების ღრმა კრიზისში მყოფ ქვეყნებად წარმოჩენა.
მიუხედავად ამისა, ინტერვიუების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რესპონდენტები რუსულ სპეცოპერაციას შეგნებულად უწყობდნენ ხელს. გამომძიებელი ჟურნალისტები 60-ზე მეტ რესპონდენტს დაუკავშირდნენ. მათმა უმრავლესობამ კითხვებს არ უპასუხა ან განაცხადა, რომ არ ახსოვდა, ვინ იყო ინტერვიუს ორგანიზატორი, ნაწილმა კი პროპაგანდისტულ ქსელთან რაიმე სახის შეგნებული თანამშრომლობა კატეგორიულად უარყო.
როგორ პოულობდნენ რესპონდენტებს?
ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, მეთიუ გორდონ-ბენქსი იხსენებს, რომ მას WhatsApp-ის მეშვეობით დაუკავშირდა მამაკაცი, რომელმაც თავი ჟურნალისტად წარუდგინა. ყოფილმა დეპუტატმა მას სამი ინტერვიუ მისცა, მისი ციტატები კი მოგვიანებით კამპანიასთან დაკავშირებულ ათზე მეტ სტატიაში გამოიყენეს. გორდონ-ბენქსი ირწმუნება, რომ არცერთ პროპაგანდისტულ ოპერაციაში გაცნობიერებულად არ მონაწილეობს.
სხვა რესპონდენტებმა მიუთითეს ბრაზილიელ შუამავლებზე, რომლებიც რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის გარემოცვასთან არიან დაკავშირებულნი. ერთ-ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა კი აღიარა, რომ პორტალის Doppelgänger-თან შესაძლო კავშირის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მას გამომძიებელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ.
მკვლევრები და დასავლური სპეცსამსახურები ამ კამპანიას სანქცირებულ რუსულ სტრუქტურას - სოციალური დიზაინის სააგენტოს და კრემლთან დაახლოებულ სხვა პირებს უკავშირებენ.
მიუხედავად მხილებისა, ქსელში ჩართულ ყველა პორტალს მუშაობა არ შეუწყვეტია. OCCRP-ის მონაცემებით, თურქულ დომენებზე რეგისტრირებული ორი ვებგვერდი ინტერვიუების გამოქვეყნებას კვლავ აგრძელებდა - მაგალითად, 2026 წლის 9 ოქტომბერს ერთ-ერთ მათგანზე გერმანელი პოლიტიკოსის, ფრედერიკ ბროსარტის კომენტარი გამოქვეყნდა.
ჟურნალისტური გამოძიება ცხადყოფს, რომ რუსულმა დეზინფორმაციულმა მანქანამ მოქმედების სტრატეგია შეცვალა: გაყალბებული ახალი ამბების გვერდით ახლა დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ავთენტური ხმები ისმის, რასაც კრემლი საკუთარი ნარატივებისთვის სანდოობის შესაძენად იყენებს. თუმცა, თავად ინტერვიუს გამოქვეყნების ფაქტი ყოველთვის არ ადასტურებს, რომ რესპონდენტმა პლატფორმის რეალური დანიშნულების შესახებ იცოდა.