
უეფას ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფის მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: 73-ე წუთზე როლანდ შალაისთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი ლაშა დვალს მოხვდა და საკუთარ კარში აღმოჩნდა, ხოლო 85-ე წუთზე ბარნაბას ვარგამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან თამაშის დეტალები და გუნდში შექმნილი მძიმე ვითარება შეაფასა:
"მეორე ტაიმში უნგრეთის ნაკრებმა ტემპს მოუმატა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს კართან ბევრი ხიფათი იქმნებოდა. რაც შეეხება სტანდარტულ მდგომარეობას, რამდენიმე ფეხბურთელი დღეს სასტარტოში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ სტანდარტული მდგომარეობისას კონკრეტული მოთამაშეების კარგი თამაში გავითვალისწინეთ. რაც მე ვარ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტანდარტულიდან გოლი პირველად გავუშვით.
ძალიან სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გაგვაქვს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. წინა თამაშებში მომენტების სიმწირე გვქონდა, თუმცა დღეს ვერ ვიტყვი, რომ მომენტები არ გვქონდა. მომენტები მინიმუმ კარში დარტყმით უნდა დაგვესრულებინა. პრობლემები ჩვენშია და ვეცდებით ეს ყველაფერი გამოვასწოროთ."
გამოსავალი და მომავალი მატჩი უკრაინასთან
საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ხაზი გაუსვა, რომ გუნდი ურთულეს ფსიქოლოგიურ პერიოდს გადის, თუმცა გამოსავალი მხოლოდ სწრაფ გამარჯვებაშია:
"გამოსავალი მოგებაა და რაც შეიძლება სწრაფად. თითქოს რწმენა დავკარგეთ. ფაქტია, ცუდ დროს გავდივართ. ხარისხობრივად რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. დღესაც გვყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საშემსრულებლო ოსტატობა არ აკლიათ, ვარჯიშზე კარგად გამოიყურებიან. არ ვიცი, ეს ყველაფერი რას დავაბრალო. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მე ფსიქოლოგიურ მომენტს აღვნიშნავ, რადგან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს.
უკრაინასთან ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. ვეცდებით, ეს პროცესი და ეს სიტუაცია შემოვატრიალოთ. უპირველესად, უნდა ვაღიაროთ რა ეტაპზე ვართ. როცა მოვედი, ვიცოდი კარგად სად მოვდიოდი და ის წნეხიც ვიცოდი, რაც წამოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, ამ წნეხს გავუმკლავდებით."
უკრაინა - საქართველოს პირდაპირ ეთერს უყურეთ Kartuli.News - ზე. იხილეთ კალენდრის ბმული: https://kartuli.info/smNWTn
სატურნირო მდგომარეობა ჯგუფში
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მოგება არ მოუპოვებია და გოლიც არ გაუტანია - 2 ქულით ჯგუფში ბოლო პოზიციას იკავებს. უნგრეთი 10 ქულით ლიდერია, ჩრდილოეთ ირლანდიას 8 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს (23:45), სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.