Story Image
ქართველი ჟურნალისტი და გამოცემების — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ლეხ ვალენსას სოლიდარობის პრემიის ლაურეატი გახდა.

ვარშავაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიას თავად ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მოძრაობა „სოლიდარობის“ დამფუძნებელი ლეხ ვალენსაც ესწრებოდა. ვინაიდან ამაღლობელი უკვე წელიწადზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ჯილდო პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.

პრემია, რომელიც პოლონეთის საგარეო უწყებამ 2014 წელს დააარსა, დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცემა. წლების განმავლობაში მისი მფლობელები გახდნენ ისეთი ცნობილი მოღვაწეები, როგორებიც არიან მუსტაფა ჯემილევი, ჟანა ნემცოვა, პაველ ლატუშკო და ბერტა სოლერ ფერნანდესი.

მზია ამაღლობელი, რომელსაც 2-წლიანი პატიმრობა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აქვს შეფარდებული, უკვე წელიწადი და 8 თვეა რუსთავის ქალთა კოლონიაში იმყოფება. მისი დაკავება 2025 წლის იანვარში განხორციელდა. სასამართლო პროცესი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, უფლებადამცველების შეფასებით, პოლიტიკური პროპაგანდისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფონზე წარიმართა. პატიმრობის პერიოდში ჟურნალისტს ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნა და მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

მედიამენეჯერის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლური დიპლომატიური წარმომადგენლობები. შესაბამისი ჩანაწერი შევიდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც.

ეს არ არის პირველი საერთაშორისო აღიარება, რომელიც ამაღლობელმა პატიმრობაში ყოფნისას მიიღო — გასული წლის დეკემბერში მას ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებათა სფეროში, სახაროვის პრემია მიენიჭა.

„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“, — წერდა ამაღლობელი ევროპარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

ამჟამად მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განაგრძობს.

მოამზადა ნათია ქიმაძემ