ევროკომისია პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეხმაურება: რუსეთს მონაწილეობის უფლება აქვს

რუსეთი G20-ის წევრად რჩება და მას ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობის უფლება აქვს, — განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ოლოფ გილმა, როდესაც აშშ-ის მიერ მაიამის დეკემბრის G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის შესახებ გააკეთა კომენტარი. მან დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს G20-ის შეხვედრების გამოყენებას უკრაინაში ომის დასაგმობად.

გილს ევროკომისიის პოზიციის შესახებ მას შემდეგ ჰკითხეს, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ამერიკულმა მხარემ G20-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 14-15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება.

„პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი G20-ის წევრად რჩება. შესაბამისად, მას აქვს G20-ის შეხვედრებში მონაწილეობის უფლება, მათ შორის მინისტრებისა და ლიდერების დონეზე“, — განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

მან დასძინა, რომ G20 რჩება საკვანძო ფორუმად, რომელიც არსებულ და ახალ გლობალურ გამოწვევებს განიხილავს, რომელთა ნაწილიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგია.

გილმა გაახსენა საზოგადოებას, რომ 2022 წლიდან ევროკავშირი თანმიმდევრულად იყენებს G20-ის შეხვედრებს რუსეთის აგრესიის დასაგმობად და მოსკოვისთვის ომის დასრულების მოწოდებით. „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან ეს მიდგომა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას G20-ის კონკრეტულ შეხვედრაში“, — აღნიშნა მან.

სპიკერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი ამწვავებს თავდასხმებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოლო ივლისი და აგვისტო ომის დაწყებიდან ყველაზე სისხლიანი თვეები იყო.

თუმცა, სპიკერმა არ ისურვა პასუხის გაცემა კითხვაზე, არის თუ არა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მზად იმყოფებოდეს იმავე ოთახში პუტინთან ერთად, თუ ის მაიამიში ჩავა, და შეეძლებათ თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლებს, მაგალითად, ბოიკოტი გამოუცხადონ ერთობლივ ფოტოს. „მე უკვე ვთქვი ყველაფერი, რისი თქმაც დღეს ამ თემაზე შემეძლო. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია და შესაძლოა, მომავალში მეტის თქმა შევძლოთ“, — განაცხადა მან.

გილს ასევე ჰკითხეს G20-ის სამიტის მიღმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით შეხვედრის ორგანიზების იდეაზე და იმაზე, შეეძლება თუ არა ევროკავშირს ასეთ მოლაპარაკებებს შეურთდეს. სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა. „თუ ის უფრო კონკრეტულ ფორმას მიიღებს, შესაძლოა მაშინ მეტი სათქმელი გვქონდეს“, — აღნიშნა მან.

რუბიომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იმედოვნებს, პუტინი მიიღებს მოწვევას G20-ის სამიტზე. მან დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, ეს რუსეთის ლიდერისთვის იქნება შესაძლებლობა, გამართოს მოლაპარაკებები როგორც ტრამპთან, ასევე მსოფლიოს სხვა ლიდერებთან.

მაიამის სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის მოხვდა პოლონეთიც, რომელსაც პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი წარადგენს.

მოამზადა ნათია ქიმაძემ