
შაბათს, კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, პოლონეთის უდიდესმა მუნიციპალიტეტებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების გატარება გამოაცხადეს.
ტრაგედია კრაკოვის ძველი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე - ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და პოპულარულ ტურისტულ ადგილზე მოხდა. მომხდარს მყისიერი გამოძახილი მოჰყვა დედაქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში: ვარშავამ, ლუბლინმა, გდანსკმა, ვროცლავმა და პოზნანმა ქუჩებში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და დამატებითი პრევენციული მექანიზმების ამოქმედება დაანონსეს.
ვარშავა: პრევენცია ხალხმრავალ ადგილებში
ვარშავის მერის, რაფალ ტშასკოვსკის განცხადებით, უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი უპირველესად იმ ზონებს მოიცავს, სადაც ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის ყველაზე მაღალი ინტენსივობაა.
„კრაკოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, დედაქალაქის პოლიციამ, უსაფრთხოების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიიღო გადაწყვეტილება პრევენციული მეთვალყურეობის გაძლიერებაზე იმ სივრცეებში, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები“, - აღნიშნა ტშასკოვსკიმ.
მისივე განმარტებით, თავდასხმიდან ერთ საათში ვარშავის პოლიციამ დაიწყო გაძლიერებული პატრულირება. გარდა ამისა, სამართალდამცავთა რეკომენდაციით, დედაქალაქის მთავარი ტურისტული არტერიის - ბაზრის მოედნის შემოგარენის მიმდებარე ქუჩებზე სპეციალური დამცავი ბარიერები განთავსდება. უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი კრაკოვის თავდასხმის მიზეზების სრულ გამოძიებამდე შენარჩუნდება.
ფინანსური რესურსები და ფიზიკური ბარიერები
-
ლუბლინი: აღმოსავლეთ პოლონეთის ადმინისტრაციული ცენტრი წლის ბოლომდე დაახლოებით 1 მილიონ ზლოტს (227,000 ევრო) გამოყოფს პოლიციური პატრულების ინტენსივობის გაზრდის დასაფინანსებლად.
-
გდანსკი: ბალტიისპირა საპორტო ქალაქის მუნიციპალური პოლიციის ცნობით, საპატრულო ჯგუფები განსაკუთრებულ ყურადღებას ტურისტულად დატვირთულ კვარტლებსა და ისტორიულ ზონებს დაუთმობენ.
-
ვროცლავი: კრიზისული შეხვედრის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძველი ქალაქის გარდა, საპატრულო მეთვალყურეობა სავაჭრო ცენტრებზეც გავრცელდეს. საშობაო ბაზრობის მოახლოებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ მოედანზე არსებულ კონსტრუქციებს დამატებითი ბეტონისა და მობილური დამცავი ბარიერები დაემატება.
ვროცლავის პოლიციის სათავო ოფისის წარმომადგენელმა, ანა ნიცერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები პრევენციულ ხასიათს ატარებს, თუმცა უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას ნებისმიერი საგანგებო სცენარის დროს. მან საზოგადოებას სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ მოუწოდა და გაახსენა თავდაცვის ოქროს წესი: ადევნე თვალი, გაიქეცი, დაიმალე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - აღკვეთე თავდასხმა.
პოზნანი: გრძელვადიანი სტრატეგია და 11 ნოემბრის ღონისძიებები
დასავლეთ პოლონეთის ცენტრში, პოზნანში, ყურადღება გრძელვადიანი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაზე გამახვილდა. მერ იაცეკ იასკოვიაკის ინიციატივით, ბიუჯეტში უკვე იგეგმება სახსრების გამოყოფა ისეთ ხალხმრავალ ლოკაციებზე მუდმივი დამცავი ბარიერების დასამონტაჟებლად, როგორებიცაა wolności-ს მოედანი და Półwiejska-ს ქუჩა.
მიუხედავად შეიქმნილი ვითარებისა, იასკოვიაკმა დაადასტურა, რომ 11 ნოემბერს დაგეგმილი წმინდა მარტინის ქუჩის ყოველწლიური სადღესასწაულო ღონისძიებები არ გაუქმდება, თუმცა ის უსაფრთხოების მკაცრი პროტოკოლის ქვეშ ჩატარდება.
როგორც დიდპოლონეთის პოლიციის პრესცენტრის წარმომადგენელმა, ივონა ლიშჩინსკამ განაცხადა, ამ ეტაპზე რეგიონში პირდაპირი საფრთხის შემცველი სადაზვერვო მონაცემები არ ფიქსირდება, თუმცა პრევენციული მზადყოფნა მაქსიმალურ ნიშნულზე რჩება.