
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან დეპორტირებულ უცხოელთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 320%-ით გაიზარდა, რადგან მთავრობა იმიგრაციის მიმართ სულ უფრო მკაცრ პოზიციას იკავებს.
სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პოლონეთის კანონმდებლობის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს უსვამს ხაზს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფოგრაფიკის თანახმად, ქვეყნიდან იძულებითი დაბრუნების ბრძანებების რაოდენობა 2022 წლის 600 ერთეულიდან 2026 წელს 2 700-მდე გაიზარდა.
„ყოველდღიურად სამართალდამცველები მუშაობენ იმისათვის, რომ უცხოელები, რომლებიც პოლონეთის კანონებს არღვევენ, ქვეყნის დატოვებაზე აიძულონ“, — აცხადებენ სამინისტროში.
უცხოელი მუშახელის რაოდენობა იზრდება
პოლონეთმა იმიგრაციისადმი მიდგომა განსაკუთრებით გაამკაცრა იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში უცხოელი მუშახელის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ტენდენცია ძირითადად უკრაინელებითაა განპირობებული, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს.
პოლონეთის სოციალური დაზღვევის სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრირებულ უცხოელ მუშაკთა რაოდენობა გასული ოთხი წლის განმავლობაში 55%-ზე მეტით გაიზარდა და 2022 წლის დასაწყისში არსებული დაახლოებით 870 000-დან 2026 წლისთვის 1,35 მილიონს მიაღწია.
ეროვნული შემადგენლობის მიხედვით, უცხოელი მუშახელის უდიდეს ჯგუფებს უკრაინელები, ბელარუსები, ქართველები და ინდოეთის მოქალაქეები შეადგენენ.
რეიდები საცხოვრებლებსა და სამუშაო ადგილებზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის კანონმდებლობის დაცვის კონტროლის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოები უცხოელთა ლეგალური სტატუსის შესამოწმებლად რეგულარულ რეიდებს ატარებენ როგორც მათ საცხოვრებლებში, ისე სამუშაო ადგილებზე.
ილუსტრაცია: შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს შენობა ვარშავაში, ავტორი Adrian Grycuk, Wikimedia Commons (CC BY-SA 3.0 PL).