
27 წლის ლაშა გდანსკიდან ვარშავამდე 330 კილომეტრს გარბის. ამ გზით ის სამი წლის ანელია იონჩეკის სამკურნალო თანხას აგროვებს და, იმავდროულად, პოლონეთს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მისცა. გოგონას რეტის სინდრომი აქვს - ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და ხელებით ვერ სარგებლობს.
ლაშამ სირბილი 5 ნოემბერს დილით დაიწყო. ფინიშს კვირას ელოდებიან.
ანელიას ყოველდღიურობა
ანელიას ნერვული სისტემის მძიმე გენეტიკური დაავადება და ფოკალური ეპილეფსია აქვს. მას მუდმივი მოვლა, რეგულარული რეაბილიტაცია და სპეციალისტების მეთვალყურეობა სჭირდება. დღე ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტებითა და ვარჯიშით იწყება, შემდეგ კი ფიზიოთერაპევტთან, ლოგოპედთან და სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტთან მეცადინეობაა.
„ძალიან გვინდა, ოდესმე ვნახოთ, როგორ დადის ის დამოუკიდებლად, როგორ ამბობს დედას და მამას, როგორ დაედევნება თავის დას“, - წერდნენ ანელიას მშობლები სექტემბერში, როცა გოგონას სამი წელი შეუსრულდა.
პოლონეთი, რომელიც ლაშას სახლად იქცა
ლაშა პოლონეთში ხუთ წელზე მეტია ცხოვრობს. აქ შეხვდა საყვარელ ადამიანს, შექმნა ოჯახი და თავისი სახლი იპოვა. მისივე სიტყვებით, ამ ქვეყანამ მას მუშაობის, ახლობლების რჩენისა და ხვალინდელი დღის შიშის გარეშე ცხოვრების საშუალება მისცა. ამიტომ სხვა ემიგრანტებთან ერთად გადაწყვიტა, პოლონეთს მადლობა საქმით გადაუხადოს.
ანელიას მამას, მატეუშს, ლაშა გდანსკის სტადიონზე გამართულ საქველმოქმედო აქციაზე გაეცნო, სადაც მისი მეგობრები სისხლს გასცემდა. იქვე მოისმინა ამ ოჯახის ამბავი და მეგობრებმა გადაწყვიტა, რაც შეუძლია, გააკეთოს.
რამდენი უნდა შეგროვდეს
თავად სირბილის მიზანი 100 000 ზლოტის შეგროვებაა. ანელიას მკურნალობის ძირითად კამპანიას ფონდი Siepomaga აწარმოებს: თანხა სამი წლის მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ასევე აუცილებელ აღჭურვილობას მოხმარდება.
ამ ეტაპზე 4,8 მილიონ ზლოტზე მეტი შეგროვდა - ეს საჭირო თანხის თითქმის 68%-ია. მიზნამდე დაახლოებით 2,3 მილიონი ზლოტი აკლია. კამპანიას უკვე 141 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
როგორ დავეხმაროთ
თანხის შეგროვება 16 ნოემბრამდე გრძელდება და ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია. ორგანიზატორები ითხოვენ, რომ ფართოდ გავრცელდეს ინფორმაცია სირბილის შესახებ - რაც მეტმა ადამიანმა გაიგოს ანელიას ამბავი, მით უკეთესი.
შეგროვების ბმული: Siepomaga - Biegniemy dla Aneli
მთელ მარშრუტს გდანსკიდან ვარშავამდე YouTube-ზე პირდაპირ ეთერში აჩვენებენ; მცირე შესვენებების გარდა, ტრანსლაცია გზაში არ წყდება.
ასევე ლაივი იხილეთ აქ
ფინიშის ზუსტი დრო ჯერ უცნობია. ლაშას ვარშავაში კვირას ელოდებიან.