პოლონეთის სეიმში ალკოჰოლის კონტროლის წესების გამკაცრების საკითხზე პოლიტიკური დებატები ახალ ეტაპზე გადადის. სენატორების მიერ წარდგენილმა ინიციატივებმა, რომლებიც ალკოჰოლის რეკლამის აკრძალვის 2030 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებასა და ღამის საათებში ალკოჰოლით ვაჭრობის შეზღუდვას ითვალისწინებს, მმართველი კოალიციის პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვის ამოქმედება მომავალი წლის 1 ივნისიდან იგეგმება, თუმცა საკანონმდებლო პაკეტის გარშემო არსებული პოლიტიკური უთანხმოება პროცესს ართულებს.
პოლიტიკური უთანხმოება კოალიციის შიგნით
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტმა პარლამენტის წევრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სეიმის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და ანტიალკოჰოლური კანონპროექტის თანაავტორმა, პარტია "Polska 2050“-ის დეპუტატმა ვიოლეტა ტომჩაკმა (Wioleta Tomczak), ჟურნალისტებთან საუბრისას კოალიციური პარტნიორის პოზიცია გააკრიტიკა.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ პოლონეთის ხალხის პარტიის (PSL) პოზიციით, რომელმაც კანონპროექტში ცვლილებები განხილვის ბოლო ეტაპზე შეიტანა“, — განაცხადა ვიოლეტა ტომჩაკმა.
ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა PSL-ის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი კშიშტოფ პაშიკი (Krzysztof Paszyk). მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას ადგილობრივი მეწარმეების ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

"პატივისცემით მოვეპყროთ მათ, ვინც ღვინოსა და ლუდს აწარმოებს. ესენი ჩვენი პოლონელი მეწარმეები არიან“ - აღნიშნა Krzysztof Paszyk-მა.
ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა და მკაცრი სანქციები რეკლამისთვის
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ქვეყნის მასშტაბით საცალო სავაჭრო ობიექტებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს 22:00-დან დილის 06:00 საათამდე. შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს — რესტორნებსა და ბარებს, სადაც ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ადგილზეა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციები მუნიციპალიტეტებს (გმინებს) დამატებით უფლებამოსილებას მიანიჭებს. ადგილობრივ თვითმმართველობებს შეეძლებათ, ალკოჰოლის წაღებით გაყიდვა დამატებით შეზღუდონ 21:00-დან 22:00 საათამდე ან დილის 06:00-დან 09:00 საათამდე პერიოდში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის, მათ შორის ლუდის, რეკლამისა და პოპულარიზაციის სრულ აკრძალვას. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 30 000-დან 1 მილიონ ზლოტამდე ან თავისუფლების შეზღუდვა.
ახალი ინიციატივა: „małpki“ აკრძალვა და ცვლილებები ავტოგასამართ სადგურებზე
სეიმის ჯანდაცვის კომისია უკვე მუშაობს კიდევ ერთ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც „სიფხიზლის აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მასში გაერთიანდება ის ინიციატივები, რომლებიც მიმდინარე კანონპროექტიდან დროებით ამოიღეს.
ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება მცირე მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სრულად აკრძალვას ეხება. პოლონეთში ასეთ პროდუქტებს „მალპკებს“ (małpki) უწოდებენ.
გარდა ამისა, იგეგმება ავტოგასამართ სადგურებზე ალკოჰოლური სასმელების განთავსების წესის შეცვლა — მათი გამოტანა ვიტრინებსა და თვალსაჩინო თაროებზე აღარ უნდა იყოს შესაძლებელი.
„ადამიანები, რომლებსაც ავტოგასამართ სადგურებზე ალკოჰოლის ყიდვა სურთ, მას ჩვეულებრივ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მსგავსად ვეღარ დაინახავენ. გასათვალისწინებელია, რომ, მაგალითად, გდანსკის აბსტინენტთა ჯგუფის კვლევის თანახმად, ალკოჰოლურ კრიზისში მყოფი ადამიანების 70-80 პროცენტი პროდუქტს სწორედ ავტოგასამართ სადგურებზე ყიდულობს“, — განმარტავს ვიოლეტა ტომჩაკი.
დეპუტატის თქმით, ამ ცვლილების მიზანია ალკოჰოლის თვალსაჩინო განთავსების შეზღუდვა, რათა მომხმარებლებმა იმპულსური შესყიდვები ნაკლებად განახორციელონ. მსგავსი მიდგომა პოლონეთში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას უკვე მოქმედებს.

მინიმალური ფასი და საკანონმდებლო პროცესის შემდეგი ეტაპები
მომზადების პროცესში მყოფ კანონპროექტში შესაძლოა ალკოჰოლურ სასმელებზე მინიმალური ფასის დაწესების საკითხიც შევიდეს. ინიციატივის მიზანია ფასდაკლებებისა და სარეკლამო აქციების შეზღუდვა, რათა ალკოჰოლი მომხმარებლისთვის დაბალი ფასის გამო მიმზიდველი აღარ იყოს.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ოფიციალურად წარდგენა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. მისი საბოლოო ფორმა ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება სენატში ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტის ბედი და მოაწერს თუ არა მას ხელს პოლონეთის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ მცირე მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის შესახებ საკუთარი კანონპროექტი ოპოზიციურმა პარტიამ „Prawo i Sprawiedliwość“-მაც (PiS) წარადგინა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სეიმს ამ საკითხზე ორი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა მოუწიოს.