Story Image
ვარშავის პოლიციამ კატალიზატორების სერიულ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 21 და 22 წლის ახალგაზრდების ქმედებებმა მფლობელებს, საერთო ჯამში, თითქმის 18 ათასი ზლოტის (დაახლოებით 12 ათასი ლარი) მატერიალური ზიანი მიაყენა.

გამოძიება ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება ვარშავის ურსინოვის რაიონში გაჩერებული სატვირთო ავტომობილიდან კატალიზატორის მოპარვის შესახებ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კრიმინალურმა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა დაადგინა, მათ საცხოვრებელ ადგილს მიაგნო და ორივე ეჭვმიტანილი უშუალოდ ავტომობილში დააკავა.

ჩხრეკისას პოლიციელებმა სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოიღეს ორი მოპარული კატალიზატორი და დემონტაჟისთვის განკუთვნილი სპეციალური ინსტრუმენტები. დაკავებულების საცხოვრებელი ოთახიდან ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონები. საქმის შემდგომმა დეტალებმა დაადასტურა, რომ ამოღებული დეტალები ვარშავის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი დასახლებიდან იყო მოპარული.

პოლიციამ დაკავებულებს ქურდობის სამი ეპიზოდი დაუმტკიცა - ერთი უშუალოდ დედაქალაქში, ხოლო ორი ვარშავის ფარგლებს გარეთ.

ორივე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ნებაყოფლობით დათანხმდა შეთავაზებულ სასჯელს. ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც წარსულშიც ჰქონდა კანონთან პრობლემები, პოლიციამ სასაზღვრო დაცვის სამსახურს გადასცა. უწყებამ უკვე დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ქვეყნიდან მისი დეპორტაციის მიზნით.

საქმის გამოძიებას ვარშავა-ურსინოვის რაიონული პროკურატურა ხელმძღვანელობს.