
კრაკოვის ცენტრში მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ, მთელი პოლონეთის მასშტაბით სისხლის დონაციის გადაუდებელი კამპანია დაიწყო. თავდასხმისას დაშავებული ორ პოლიციელს შორის ერთ-ერთი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის.
ტრაგედია სამხრეთ პოლონეთის ისტორიულ ცენტრში, კრაკოვის მთავარ მოედანზე , შაბათს ნაშუადღევს დატრიალდა. შეიარაღებულ თავდამსხმელსა და პოლიციას შორის მომხდარ ორმხრივ სროლას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა.
არტურ მორანსკი და იაკუბ კულიკი ნამდვილ გმირებად აღიარეს. ავტომატური იარაღით შეიარაღებულ თავდამსხმელთან პირისპირ შეტაკებისას მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს, ბოროტმოქმედი დაჭრეს და აყვანა შეძლეს. სროლის დროს ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა განსაკუთრებით მძიმეა იაკუბ კულიკის მდგომარეობა.
„იაკუბ კულიკი და არტურ მორანსკი ნამდვილი გმირები არიან“, - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში. - „მათ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა უმაღლესი დონის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მთელი პოლონეთი მათ გვერდითაა“.
პრემიერ-მინისტრის შეფასებას შეუერთდა იუსტიციის მინისტრი ვალდემარ ჟურეკიც, რომელმაც საზოგადოებას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
სისხლის დონაციის კამპანიას შეუერთდა მე-6 საჰაერო-სადესანტო ბრიგადაც, სადაც კულიკი პოლიციაში გადასვლამდე მსახურობდა.
„იაკუბი გმირია, მან სხვები გადაარჩინა, ახლა კი თავად სჭირდება მხარდაჭერა. საჭიროა AB Rh+ (მეოთხე დადებითი) ჯგუფის სისხლი. მოვუწოდებთ ყველა ჯარისკაცს, სამხედრო მოსამსახურეს, მათ ოჯახებსა და კეთილი ნების ადამიანებს - თუ სისხლის გაღება შეგიძლიათ, დაეხმარეთ იაკუბს!“, - აღნიშნულია ბრიგადის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.