ირლანდიური გამოცემა The Irish Times-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქე წყვილმა და მათმა ირლანდიაში დაბადებულმა შვილმა, რომლებიც სამშობლოში იეჰოვას მოწმეების მიმართ არსებული დევნისა და რელიგიური ნიშნით საფრთხის გამო თავშესაფარს ითხოვდნენ, სააპელაციო დავა წააგეს.

ირლანდიის უმაღლესი სასამართლო

რა დაადგინა საერთაშორისო დაცვის სააპელაციო ტრიბუნალმა?

როგორც უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, ენტონი ბარმა (Anthony Barr) განმარტა, საერთაშორისო დაცვის სააპელაციო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა ფაქტი, რომ მამაკაცი მართლმადიდებლური ეკლესიიდან იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ მიმდინარეობაზე გადასვლის გამო საკუთარმა მამამ სცემა და სახლიდან გამოყარა.

ასევე დადასტურებულად ჩაითვალა ის გარემოება, რომ მამაკაცს საქართველოსში ახალი სარწმუნოების გამო ფიზიკურად სხვა დროსაც გაუსწორდნენ.

სახელმწიფო დაცვის ეფექტიანობა

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელთა შიში სამშობლოში სავარაუდო დევნისა და სერიოზული ზიანის შესახებ, მოსამართლე ბარის დასკვნით, ტრიბუნალმა კანონიერად მიიჩნია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ეფექტიანი დაცვის არსებობა.

მოსამართლის განცხადებით, გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წყვილი ირლანდიაში სამი წლის წინ ჩამოვიდა, სადაც მათ შვილი შეეძინათ. მამაკაცმა მომავალი მეუღლე სწორედ იეჰოვას მოწმეთა თემში გაიცნო.

ქრონოლოგია და ინციდენტები საქართველოში

  • 2023 წელი: მას შემდეგ, რაც მამაკაცის მამამ მისი რელიგიური შეხედულებების შეცვლა შეიტყო, ის ფიზიკურად გაუსწორდა და საოჯახო სახლიდან გამოაძევა. პარალელურად, ბიზნესპარტნიორმა იგი საერთო ბიზნესიდანაც გარიცხა.
  • თავდასხმები საცხოვრებელთან: მამაკაცს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს საცხოვრებელთან ახლოს, რის გამოც იგი საავადმყოფოშიც კი მოთავსდა. მოგვიანებით, რელიგიური ბროშურების დარიგების დროს მომხდარი მორიგი თავდასხმის შედეგად იგი კვლავ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. ორივე ამ ფაქტთან დაკავშირებით მან პოლიციას მიმართა.
  • მუქარა და წასვლა: მეზობლებმა მის საცხოვრებელთან დამუქრების წერილები დატოვეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ძალადობის ფაქტის შემდეგ, წყვილმა საქართველო დატოვა და ირლანდიას მიმართა.

სასამართლოს არგუმენტები და წარმოდგენილი მტკიცებულებები

მოსამართლე ბარმა უარყო ადვოკატების არგუმენტები იმის შესახებ, თითქოს ტრიბუნალმა შეცდომა დაუშვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის (2020 და 2022 წლების) ანგარიშების გამოყენებისას. მისი მტკიცებით, ეს დოკუმენტები ასახავს პოლიციისა და სასამართლო სისტემის მზაობას, დაიცვან იეჰოვას მოწმეები რელიგიური შეუწყნარებლობისგან.

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საერთაშორისო დაცვის აქტის მიხედვით, საქართველო ოფიციალურად მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყნად. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეცედენტებს, რომელთა მითითებაც სარჩელში ხდებოდა, მოსამართლის განმარტებით, ისინი ეხებოდა 1999-2001 წლებში მომხდარ ფაქტებს.

უმაღლესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონის მოთხოვნა გულისხმობს "გონივრულ დაცვას პრაქტიკული თვალსაზრისით" და სახელმწიფო დაცვა "არასდროს არის სრულყოფილი", თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს.