შვედეთმა შენგენის ზონის შიდა საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლება ამ ნაბიჯს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების რისკებითა და შესაძლო ჰიბრიდული საფრთხეებით ხსნის.

უნგრული გამოცემა Index.hu-ს ცნობით, ახალი შეზღუდვები 2026 წლის 5 ნოემბრიდან ამოქმედდა და 2027 წლის 11 მაისამდე გაგრძელდება.

შვედეთის საზღვარი

რატომ ამკაცრებს შვედეთი სასაზღვრო კონტროლს?

შვედეთის მთავრობის ოფიციალური განმარტებით, გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების გარემოს უკავშირდება.

ხელისუფლება მიუთითებს ჰიბრიდული საფრთხეების რისკზე და შენგენის ზონაში ისეთი „მტრული ელემენტების“ გადაადგილების შესაძლებლობაზე, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან.

„გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სერიოზულ უსაფრთხოების ვითარებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ჩამოყალიბდა“, — ნათქვამია შვედეთის მთავრობის განცხადებაში.

რა უნდა გაითვალისწინონ ემიგრანტებმა და მოგზაურებმა?

ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში, შვედეთის პოლიციას უფლება ექნება, თავად განსაზღვროს სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მეთოდები და ადგილები. შემოწმებების მიზანი იმ პირების იდენტიფიცირებაა, რომლებიც შესაძლოა საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შვედეთი შერჩევითი, ე.წ. შემთხვევითი შემოწმების პრაქტიკას იყენებდა. ახალი გადაწყვეტილების ამოქმედებით კი კონტროლი უფრო ფართო და სისტემური ხდება.

შვედეთის მთავრობის განცხადებით, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამება და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.