
2026 წლის 1 ივნისიდან პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
ბოლო თვეებში Kartuli.News-ის რედაქციას არაერთმა ქართველმა ემიგრანტმა მიმართა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ლეგალურად ცხოვრობენ პოლონეთში, ოფიციალურად არიან დასაქმებულები, იხდიან ZUS-ის სოციალურ შენატანებს, ხოლო მათი შვილები პოლონურ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლობენ, 800+ დახმარების ჩარიცხვა შეუჩერდათ ან განაცხადის განხილვა რამდენიმე თვეა არ დასრულებულა.
საკითხის გასარკვევად Kartuli.News-მა ოფიციალური კითხვებით მიმართა ZUS-ს.
რა შეიცვალა 2026 წლის 1 ივნისიდან
ZUS-ის განმარტებით, 2026 წლის 1 ივნისიდან ევროკავშირისა და EFTA-ს ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, 800+ პროგრამის მიღების დამატებითი პირობები ამოქმედდა.
კანონიერი ცხოვრებისა და პოლონეთში საცხოვრებელი ადგილის გარდა, აუცილებელია, რომ:
- მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი აკმაყოფილებდეს დასაქმების (შრომითი აქტივობის) მოთხოვნას;
- ბავშვი ასაკის შესაბამისად სწავლობდეს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში - სკოლაში, საბავშვო ბაღში ან სხვა სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამაში.
რატომ ჩერდება ან ჭიანურდება 800+-ის განხილვა
ZUS-ის ოფიციალური განმარტებით, განცხადების განხილვის ვადაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს.
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- დამსაქმებლის მიერ სოციალური დაზღვევის მონაცემების (ZUS) დაგვიანებით ან უკუქცევითი თარიღით წარდგენა;
- უკვე წარდგენილი ყოველთვიური დეკლარაციების შესწორება, როდესაც იცვლება სადაზღვევო შენატანების საფუძველი;
- მონაცემთა შეუსაბამობა პოლონეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით;
- მონაცემთა შეუსაბამობა ბავშვის პოლონეთის სკოლაში ან საბავშვო ბაღში სწავლასთან დაკავშირებით;
- დამატებითი გადამოწმების აუცილებლობა იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახი პროგრამის ყველა მოთხოვნას.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო რეესტრებში არსებული ინფორმაცია ერთმანეთთან სრულად არ ემთხვევა, ZUS-ს გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი შემოწმებების ჩატარება უწევს.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს განხილვა
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ქართველი ოჯახები სვამენ, არის - რამდენი ხანი უნდა ელოდონ გადაწყვეტილებას.
ამ ეტაპზე ZUS-ს მსგავსი საქმეების საშუალო განხილვის ვადა ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია.
სააგენტო მხოლოდ განმარტავს, რომ დასაქმების, სოციალური დაზღვევის, საზღვრის კვეთისა და ბავშვის განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების დამატებითი გადამოწმება გადაწყვეტილების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.
რას ურჩევს ZUS ოჯახებს
ოფიციალურ პასუხში ZUS-ს კონკრეტული რეკომენდაციები იმ ოჯახებისთვის, რომლებიც რამდენიმე თვეა გადაწყვეტილებას ელოდებიან, არ წარმოუდგენია.
თუმცა, არსებული ადმინისტრაციული პრაქტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია:
- დარწმუნდეთ, რომ განაცხადში მითითებული ყველა ინფორმაცია სწორია;
- გადაამოწმოთ, დამსაქმებელმა დროულად წარადგინა თუ არა ZUS-ში ყველა საჭირო დოკუმენტი და დეკლარაცია;
- ZUS-ის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარადგინოთ დამატებითი დოკუმენტები;
- საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ZUS-ს და გადაამოწმოთ თქვენი საქმის მიმდინარე სტატუსი.
რამდენი ქართველის განცხადება ელოდება განხილვას
Kartuli.News-მა ZUS-ს ასევე ჰკითხა, რამდენი განცხადება აქვთ ამჟამად საქართველოს მოქალაქეებისგან განხილვის პროცესში და რამდენ შემთხვევაშია 800+-ის გადახდა შეჩერებული.
ამ დროისთვის ZUS-ს ასეთი სტატისტიკა საჯაროდ არ გამოუქვეყნებია, ამიტომ კონკრეტული რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.
თუ სააგენტო აღნიშნულ მონაცემებს მოგვაწვდის, ინფორმაციას დამატებით გამოვაქვეყნებთ.
რას ნიშნავს ეს ქართველი ოჯახებისთვის
თუ თქვენ აკმაყოფილებთ 800+ პროგრამის ძირითად პირობებს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიღებული.
2026 წლის 1 ივნისიდან ZUS დამატებით ამოწმებს როგორც დასაქმების, ისე ბავშვის განათლებისა და სხვა სახელმწიფო რეესტრებში არსებულ მონაცემებს. ნებისმიერი შეუსაბამობა ან დაგვიანებით განახლებული ინფორმაცია შესაძლოა გახდეს განცხადების განხილვის გახანგრძლივების მიზეზი.
იხ.ზუსის ოფიციალური პასუხი
მოამზადა ნათია ქიმაძემ