პოლონეთის მთავრობა 800 პლუს პროგრამაში ცვლილებებს გეგმავს: განაცხადების ავტომატიზაცია 2027 წლიდან

პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საბავშვო დახმარების – 800 პლიუსის მიღების უფლება მომდევნო პერიოდებისთვის ავტომატურად განისაზღვრება. ეს ნიშნავს, რომ მშობლებს აღარ მოუწევთ განაცხადის ყოველწლიურად ხელახლა წარდგენა.

  • ამოქმედების ვადა: ცვლილებები ძალაში შევა 2027–2028 წლების საანგარიშო პერიოდიდან, რომელიც 2027 წლის 1 ივნისს იწყება.

  • მონაცემთა განახლება: სოციალური დაზღვევის ორგანოს (ZUS) მიერ უფლების გაგრძელება მოხდება უკვე არსებული ბაზის საფუძველზე. ინფორმირება ან მონაცემთა შეცვლა საჭირო გახდება მხოლოდ ოჯახური მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში.

  • მიზანი: სიახლე გამორიცხავს შემთხვევებს, როდესაც განაცხადის შეტანის დავიწყების გამო მშობლები გარკვეული თვეების განაცემს კარგავდნენ.

როგორ მოქმედებს სისტემა დღეს?

  • მოქმედი წესი: განაცხადების მიღება ყოველწლიურად თებერვალში იწყება, ხოლო საანგარიშო პერიოდი 1 ივნისიდან 31 მაისამდე გრძელდება.

  • დაგვიანების რისკი: თუ განაცხადი დაგვიანებით შედის, დახმარება გაიცემა მხოლოდ განაცხადის წარდგენის თვიდან, რის გამოც მშობლები ფინანსურად ზარალდებიან.

  • წარდგენის არხები: განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად — mZUS აპლიკაციით, eZUS პლატფორმით, ინტერნეტ-ბანკინგით ან პორტალით Emp@tia.

ზოგადი პირობები და შეზღუდვები უცხოელებისთვის

  • ძირითადი წესი: „800 პლიუსი“ გაიცემა თითოეულ ბავშვზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მეურვის შემოსავლის მიუხედავად.

  • უკრაინის მოქალაქეები (UKR სტატუსით):

    • დახმარების მიღების პირობაა ბავშვის სწავლა პოლონურ სკოლაში ან ბაღის მოსამზადებელ ჯგუფში (zerówka) - შეზღუდვა არ ეხება იმ ასაკის ბავშვებს, რომელთათვისაც სწავლა ჯერ სავალდებულო არ არის.

    • 2026 წლის თებერვლიდან უკრაინის მოქალაქეებისთვის საბავშვო დახმარების მიღება დაუკავშირდა დასაქმების ფაქტს.

  • სხვა უცხოელები (ევროკავშირისა და EFTA-ს მიღმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები):

    • 2026 წლის 1 ივნისიდან დასაქმების მოთხოვნა გავრცელდა პოლონეთში ლეგალურად მყოფ და შრომის ბაზარზე დაშვებულ სხვა უცხოელებზეც.

  • გამონაკლისები: დასაქმების მოთხოვნისგან გათავისუფლებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები და ის პირები, რომლებიც განაცხადს პოლონეთის მოქალაქეობის მქონე ბავშვზე აკეთებენ.

თანმდევი სიახლე: მინიმალური ხელფასი 2027 წელს

  • ახალი განაკვეთი: მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წელს მინიმალური ხელფასი 3%-ით გაიზარდება და 4 950 ზლოტს შეადგენს.

  • საათობრივი ანაზღაურება: მინიმალური საათობრივი განაკვეთი 32,30 ზლოტი იქნება.


    მოამზადა ნათია ქიმაძემ