
რუსული საჰაერო იერიშების გაინტენსივების ფონზე, პოლონეთი არ გამორიცხავს უკრაინასთან სასაზღვრო შემოწმების პროცედურები საკუთარ ტერიტორიაზე გადაიტანოს. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ უკრაინის მხარეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირება გადაუჭრელი საფრთხის წინაშე დადგება.
პოლონურ საინფორმაციო სააგენტოსთან (PAP) საუბრისას უწყებაში აღნიშნეს, რომ ვარშავა მზადაა მსგავსი მოდელის განსახილველად, თუმცა ხაზგასმით დასძინეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. მთავარი პირობა, რომელსაც პოლონური მხარე აყენებს, პროცესის სრული ერთობლივი მართვაა.
სინიციატივო წინადადების პირველადი მიზანი რუსული დარტყმების შემთხვევაში საზღვარზე ტრანსპორტისა და ტვირთების უწყვეტი ნაკადის შენარჩუნება და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გარშემო ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაძაბა, რაც სექტემბრის ბოლოს „იაჰოდინ-დოროჰუსკის“ გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს, სავარაუდოდ, რუსული დრონი ჩამოვარდა. ამ ინციდენტამდე ორი კვირით ადრე კი იერიში დოროჰუსკის სიახლოვეს მდებარე საწვავის გასამართ სადგურსა და რკინიგზის კვანძზე განხორციელდა.
უკრაინულ მედიაში ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვარშავასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რაც უკრაინელ მესაზღვრეებს პოლონეთის ტერიტორიაზე ოპერირების უფლებას მისცემდა.
სამართლებრივი ბარიერები და შენგენის ზონის რეგულაციები
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საკითხს სამართლებრივი მხარეც ახლავს. ვინაიდან პოლონეთი შენგენის ზონის წევრია, ნებისმიერი მსგავსი ცვლილების შესახებ ვარშავა ვალდებულია ოფიციალურად აცნობოს ევროკომისიას.
გარდა ამისა, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ შენგენის ზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას. ეს შეზღუდვა თანაბრად ვრცელდება როგორც საბუთების შემოწმებაზე, ისე საბაჟო და პროდუქციის სტანდარტების ინსპექტირებაზე. სწორედ ამიტომ, ერთადერთ ლეგალურ ფორმატად მხოლოდ ერთობლივი პატრულირება და შემოწმება განიხილება.