სიაში დაბრუნება
გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე

1899 — 1942

მეცნიერი და სასულიერო პირი
გაზიარება

ბიოგრაფია

კაცობრიობის ისტორიაში არის ადგილები, რომლის სახელის გაგონებაზეც კი სისხლი გვეყინება. ოსვენციმი სწორედ ასეთი ადგილია — მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიისა და წარმოუდგენელი სისასტიკის მთავარი სიმბოლო. დღეს მინდა გიამბოთ ადამიანზე, რომელმაც ამ ტრაგედიის ეპიცენტრში წარმოუდგენელი მორალური ნაბიჯი გადადგა.

ეს ისტორია 1942 წლის 6 დეკემბერს უკავშირდება, როდესაც ბანაკის გაზის საკანში 43 წლის ქართველი მეცნიერი და სასულიერო პირი გრიგოლ ფერაძე შევიდა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლის გადარჩენა არჩია. ევროპაში მას იცნობდნენ როგორც თავისი დროის უდიდეს მეცნიერსა და ქართველოლოგს, პოლიგლოტს, რომელმაც 16 ენა იცოდა. სამშობლოში კი მას დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ.

გრიგოლ ფერაძე 1899 წელს ბაკურციხეში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, ახლად გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. თუმცა მშვიდობიანი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წელს, როდესაც წითელი არმია საქართველოს შემოესია, გრიგოლი თავის ორ ძმასთან ერთად იარაღით ხელში იცავდა დამოუკიდებლობას. ოკუპაციის შემდეგ მას დაპატიმრება ემუქრებოდა. თუმცა იმავე წელს გელათის საეკლესიო კრებაზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს — ახალგაზრდა თეოლოგი სასწავლებლად ევროპაში გააგზავნეს.

ასე აღმოჩნდა იგი ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტში. გერმანიაში მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ევროპულ ქართველოლოგიას სულ სხვა მასშტაბები და ბიძგი მისცა. მან უმოკლეს დროში შეისწავლა 16 ენა, მათ შორის ლათინური, ბერძნული, სომხური, სირიული და სხვა არქაული ენები.

1931 წელს მძიმე ავადმყოფობისა და მისტიკური ხილვების შემდეგ გრიგოლ ფერაძე ლონდონში ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით მას პარიზში ვხედავთ, სადაც წმინდა ნინოს ქართული ეკლესია დააარსა და ემიგრაციაში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული საგანძურის გადარჩენაში ეხმარებოდა. მიუხედავად უზარმაზარი სამეცნიერო აღიარებისა, მას ერთი უდიდესი ტკივილი ტანჯავდა — საბჭოთა ხელისუფლება სამშობლოში არ უშვებდა.

1936 წელს იგი წმინდა მიწაზე, ისრაელსა და სირიაში მოგზაურობს ქართული ნაკვალევის საძებნელად. მისი დღიური „იერიქონის ვარდები“ საოცარი დოკუმენტია. აქ ის ერთდროულად არის მეცნიერიც, მორწმუნეც და უბრალოდ მოგზაური, რომელიც წუხს დაკარგულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე და სვამს მთავარ კითხვას: „ნუთუ საქართველო უკვე მკვდარია?“ — და იქვე პასუხობს, რომ ერის გადარჩენის ძალა მხოლოდ თვითონ ერს აქვს.

ომის წინა წლებში მამა გრიგოლი პოლონეთში გადადის და ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორი ხდება. 1939 წელს იწყება მეორე მსოფლიო ომი. ნაცისტური ოკუპაციის მძიმე დღეებში არქიმანდრიტი გრიგოლი საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებს საფრთხის ქვეშ. ის თავშესაფარს აძლევს დევნილებს, განსაკუთრებით ებრაელებს. გესტაპომ იგი 1942 წელს დააკავა.

ციხიდან ოსვენციმის ჯოჯოხეთამდე გზა მოკლე აღმოჩნდა. 6 დეკემბერს, როდესაც ბანაკის ზედამხედველმა მორიგი მსხვერპლი შეარჩია, მამა გრიგოლმა მუხლმოდრეკით დაიკავა იმ ადამიანის ადგილი, რომელსაც სახლში შვილები ელოდნენ.

საბჭოთა რეჟიმი წლების განმავლობაში მალავდა მისი სიკვდილის რეალურ ისტორიას და ოჯახს ატყუებდა, თითქოს იგი დაბომბვისას დაიღუპა. თუმცა სიმართლეს ვერავინ დაფარავს. 1995 წელს საქართველოს ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. მან დატოვა უამრავი შრომა, გადარჩენილი ხელნაწერები და რაც მთავარია, სიყვარულისა და თავდადების უმაღლესი მაგალითი, რომელმაც სიკვდილზე გაიმარჯვა.

Video Thumbnail
ვიდეო