არკადი სხირტლაძე გორში, სპირიდონ და მარიამ სხირტლაძეების ოჯახში დაიბადა. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. თავდაპირველად თურქეთში გაემგზავრა, მოგვიანებით კი პოლონეთში აღმოჩნდა, სადაც ბიდგოშჩის მფრინავთა სკოლაში სწავლობდა და შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში.
პოლონეთში არკადი სხირტლაძემ ცოლად შეირთო იანინა კიჩინსკა. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ. 1937 წელს ოჯახი ლვოვიდან დებლინში გადავიდა, სადაც სხირტლაძე 1937–1939 წლებში მფრინავ-ინსტრუქტორად მსახურობდა დებლინის საავიაციო სკოლაში - „არწივის მართვეებში“.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კაპიტანი სხირტლაძე 1939 წლის სექტემბრის კამპანიაში ჩაერთო. ომის პირველივე დღეებში, დებლინის აეროდრომზე გერმანული ავიაციის თავდასხმისას, იგი დაიჭრა. 17 სექტემბერს, პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრის შემდეგ, ბრესტის მისადგომებთან წითელი არმიის ტყვეობაში აღმოჩნდა. 1940 წლის გაზაფხულზე არკადი სხირტლაძე კატინის მასობრივი დახვრეტების დროს მოკლეს. კატინის ტრაგედიას ემსხვერპლნენ პოლონეთის არმიაში მომსახურე სხვა ქართველი ოფიცრებიც, მათ შორის მაიორი გიორგი მამალაძე და კაპიტანი მიხეილ რუსიაშვილი.
ტრაგიკული აღმოჩნდა სხირტლაძის ოჯახის ბედიც - მისი უფროსი ქალიშვილი ირინა 1944 წლის 14 სექტემბერს, ვარშავის აჯანყების დროს დაიღუპა.
2007 წლის 10 მაისს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა, ლეხ კაჩინსკიმ და მიხეილ სააკაშვილმა, გახსნეს პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილი სტელა. მემორიალი ეძღვნება ქართველ ოფიცრებს, რომლებმაც 1939–1945 წლებში პოლონეთის რესპუბლიკისთვის, ორი ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში, სიცოცხლე გაწირეს.