
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა შობამდე“ (24 დეკემბრამდე) პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციისთვის ემზადებოდეს.
ბრიუსელში გამართული ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტუსკმა აღნიშნა, რომ ზამთარი განსაკუთრებულად მძიმე იქნება, რადგან რუსეთი დასავლეთის მიმართ მუქარას აძლიერებს. მისი თქმით, 24 დეკემბრამდე მოსალოდნელია ესკალაციის გარკვეული ფორმა.
ფართომასშტაბიანი პროვოკაციები და დივერსიის საფრთხე
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რისკები განსაკუთრებით მაღალია საზღვრებთან და იმ რკინიგზის ხაზებთან, რომლითაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთები - მათ შორის გაზი, ნავთობი და საკვები პროდუქტები - გადაიზიდება.
ტუსკმა ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ პოლონეთი, შესაძლოა, დივერსიის ახალი მცდელობებისა და პროვოკაციების წინაშე დადგეს.
„უნდა ველოდოთ დივერსიის ან პროვოკაციების მცდელობებს პოლონეთში - ისევე, როგორც აქამდე, თუმცა ბევრად უფრო დიდ მასშტაბებში, - განაცხადა ტუსკმა და დასძინა, რომ საფრთხე ასევე ეხება ბალტიის სამ ქვეყანასაც.
„გზავნილი ერთმნიშვნელოვანია: რუსეთი გააძლიერებს ამ ესკალაციას და შეამოწმებს ჩვენს რეაგირებას. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა“.
ევროპა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი მაღალი მზადყოფნის რეჟიმშია
ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში უსაფრთხოების ზომები მკვეთრად გამკაცრდა. სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ნატოს მდგრადობა დივერსიებით, კიბერშეტევებით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ან შეზღუდული სამხედრო ოპერაციითაც კი გამოცადოს.
პოლონეთმა - როგორც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის საკვანძო სახელმწიფომ - ბოლო წლებში უკვე დააფიქსირა რუსეთთან დაკავშირებული რამდენიმე მტრული ინციდენტი, მათ შორის დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა, ხანძრების გაჩენის მცდელობები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დივერსია.