Story Image
ნატოს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ალიანსი სრულ მზადყოფნაშია რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი შესაძლო პროვოკაციებისა და „ცრუ დროშის“ თავდასხმების მოსაგერიებლად. აღნიშნული განცხადება კოპენჰაგენში გამართული ნატოს 32 გენერლის შეხვედრის ფონზე გაჟღერდა, სადაც ალიანსის აღმოსავლეთ ფრთის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსს აღმოსავლეთ ფრთის დასაცავად 4 000-გვერდიანი სამხედრო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარს მოიცავს.

„ალიანსი მზადაა, სტრუქტურა მზადაა, ჯარისკაცები და შეიარაღება მზადყოფნაშია. თავდასხმის შემთხვევაში ზუსტად ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ. რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებები ნატოს ვერ ხლეჩს — პირიქით, ეს მცდელობები უფრო მეტად გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვმატებს გადაწყვეტილებას,“ — განაცხადა ადმირალმა დრაგონემ.

პოლონეთის როლი და ჰიბრიდული საფრთხეები

უკრაინის ტერიტორიაზე — პოლონეთის საზღვართან სიახლოვეს — განხორციელებულმა რუსულმა იერიშებმა გააზარდა შიში იმისა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს მოთმინება პოლონეთის სასაზღვრო ობიექტებზე თავდასხმით გამოცადოს და ინციდენტი „შემთხვევითობად“ წარმოაჩინოს. ევროპის მასშტაბით ასევე იმატა დივერსიულმა და ჰიბრიდული ომის ინციდენტებმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურები ფლობენ დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომელთა თანახმადაც რუსეთმა შესაძლოა ნატოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელოს.

საჰაერო თავდაცვისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია

დანიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვესლავ კუკულა ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ალექსუს გრინკევიჩს შეხვდა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა პოლონური პროექტის — აღმოსავლეთის ფარის — ინტეგრაცია იყო ნატოს აღმოსავლეთ ფრთის შეკავების ინიციატივასთან. პროექტი მიზნად ისახავს ბელარუსსა და კალინინგრადის ექსკლავთან საზღვრების მაქსიმალურ გამაგრებას.

პოლონეთის არმიის სპიკერის, პოლკოვნიკ მარეკ პიეტრზაკის განცხადებით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს:

  • სენსორებისა და მართვის სისტემების ინტეგრაციაზე;

  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფ დანერგვაზე;

  • საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაზე;

  • უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) საწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებაზე.

ევროპული სარდლობის მთავარი პრიორიტეტია საფრთხეების სწრაფი გამოვლენა, ინფორმაციის მყისიერი გაცვლა და რეაგირების დროის მინიმუმამდე შემცირება.

სამიტზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის მომდევნო ხელმძღვანელად გერმანიის თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალი კარშტენ ბროიერი აირჩიეს, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს ჩაანაცვლებს.

მომზადა ნათია ქიმაძემ