Story Image
ვარშავის ქუჩები სავსეა ისტორიით, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე პატარა ან უმნიშვნელო ადგილებიც კი შეიძლება დიდ ამბებს ინახავდეს. დედაქალაქის აურზაურში არის კუთხეები, რომლებიც თითქოს სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ დრო წამით შეჩერდეს და წარსულსა თუ აწმყოს შორის ზღვარი წაშალოს.

Kamienne Schodki — სადაც ნაპოლეონი და მარია ვალევსკა სეირნობდნენ

ასეთია Kamienne Schodki — ძველი, ქვის კიბე, რომელიც ძველი ქალაქის ბაზრობის მოედანს Brzozowa-სა და Bugaj-ს ქუჩებთან აკავშირებს. ეს ადგილი XV საუკუნიდან არსებობს და თავდაპირველად ხის ხიდისებრი კონსტრუქცია იყო, რომელიც მხოლოდ XVIII საუკუნეში ჩანაცვლდა მყარი ქვით. დღეს Kamienne Schodki ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური და რომანტიკული ადგილი გახდა ვარშავის გულში.

ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, სწორედ ამ კიბეზე სეირნობდა ნაპოლეონ ბონაპარტი თავის პოლონელ საყვარელ ქალთან — მარია ვალევსკასთან ერთად. მარია პოლონელი არისტოკრატი იყო, რომელიც ნაპოლეონმა 1806 წელს ვარშავაში გამართულ ბალზე გაიცნო. მათი ურთიერთობა მხოლოდ პირად ვნებას არ ეფუძნებოდა — მარიას ზურგს უკან იდგა იმდროინდელი პოლონური ელიტა, რომელიც ცდილობდა, ფრანგი იმპერატორის მხარდაჭერა მოეპოვებინა პოლონეთის დამოუკიდებლობის აღსადგენად. წყვილს ვაჟი, ალექსანდრე ვალევსკი შეეძინა, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის გამოჩენილი დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

Kamienne Schodki-ის ქვის საფეხურებზე მოსიარულე ეს წყვილი ვარშაველებისთვის მხოლოდ ისტორიული მოგონება არ არის — ეს ადგილი დღემდე ინარჩუნებს იმდროინდელ სიმბოლურობასა და საიდუმლოებით მოცულ აურას.

ქალაქის კონტრასტები: ყველაზე ვიწრო და ყველაზე გრძელი ქუჩები

ვარშავაში კიდევ ერთი გამორჩეული და უცნაური სივრცეა Ulica Zagraniczna — ყველაზე ვიწრო ქუჩა მთელ ქალაქში. ის მდებარეობს Nowe Bródno-ს კვარტალში და ორ კორპუსს შორის გადაჭიმული ვიწრო ბილიკია, რომლის სიგანე ზოგ ადგილას ორ მეტრსაც კი არ აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ის უბრალო ეზოს შესასვლელს წააგავს, ფორმალურად მაინც სრულფასოვან ქუჩად ითვლება და თავისი ექსცენტრიულობით არაერთი ცნობისმოყვარე დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობს.

და ბოლოს, ამ პატარა კუთხეების საპირწონედ გვხვდება Wał Miedzeszyński — ვარშავის ყველაზე გრძელი ქუჩა, რომელიც მდინარე ვისლას აღმოსავლეთ ნაპირზე გადაჭიმულია და დაახლოებით 14,5 კილომეტრს მოიცავს. ქუჩა იწყება Most Poniatowskiego-ს მიმდებარე ტერიტორიიდან და სამხრეთისკენ მიუყვება მდინარეს — გზად გადის საცხოვრებელ უბნებს, მწვანე ბულვარებსა და პოპულარულ ველობილიკებს.

მოამზადა ნათია ქიმაძემ