
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინის მხარდამჭერი ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული დრონებისა და სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს. მისი თქმით, მოსკოვი შეეცდება ეს თავდასხმები „შემთხვევითობად“ გაასაღოს, რათა ალიანსის რეაგირების მზაობა შეამოწმოს და ეჭვქვეშ დააყენოს მე-5 მუხლის ეფექტიანობა.
საპარლამენტო გამოსვლისას ტუსკმა აღნიშნა, რომ ეს სცენარი უახლოესი თვეებისთვის ყველაზე სავარაუდოა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაცია საკმაოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელია.
გაფრთხილება პოლონეთის საზღვართან რუსული იერიშების გახშირებას მოჰყვა. უკრაინის დასავლეთზე თავდასხმისას, პოლონურმა გამანადგურებლებმა ჰაერში აფრინდნენ, როდესაც რუსული დრონი საზღვარს მიუახლოვდა და 4 კილომეტრში ჩამოვარდა. ინციდენტის გამო აღმოსავლეთ პოლონეთში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ხოლო ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა.
ბოლო დღეებში რუსულმა დრონებმა პოლონეთის საზღვრიდან 2 კილომეტრში „კიევი-ვარსკვლავის“ სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარე ავტოგასამართ სადგურს დაარტყეს.
ტუსკის შეფასებით, მიმდინარე შემოდგომა და ზამთარი ომის ყველაზე კრიტიკული პერიოდი იქნება. კრემლი უკრაინის ეკონომიკისა და ლოგისტიკის განადგურებას გეგმავს, მათ შორის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შეფერხებით, რათა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება ჩაშალოს.
მან ასევე დასძინა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები მოწმობს: მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტაზე სერიოზული დიალოგისთვის მზად არ არის, უკრაინის დე-ფაქტო კაპიტულაციის გარეშე.
მოამზადა ნათია ქიმაძემ