
პოლონეთის მთავრობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო — 2027 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში მინიმალური ანაზღაურება (gross) 4 950 ზლოტამდე გაიზრდება, ხოლო მინიმალური საათობრივი განაკვეთი 32,30 ზლოტს გაუტოლდება. მინისტრთა საბჭოს შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო ჟურნალში.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით უმცირესი ხელფასი 4 950 ზლოტი იქნება, ხოლო საათობრივი ანაზღაურება — 32,30 ზლოტი. ეს მაჩვენებლები აღემატება მიმდინარე განაკვეთებს, რომლებიც ამჟამად 4 806 ზლოტსა და 31,40 ზლოტს შეადგენს.
ახალი განაკვეთების გარშემო სოციალური დიალოგის საბჭოს სხდომებზე ცხელი დებატები მიმდინარეობდა. პროფკავშირები ანაზღაურების კიდევ უფრო მეტად გაზრდას — 5 200 ზლოტამდე მოითხოვდნენ, ხოლო დამსაქმებელთა მხარე უპირატესობას ანიჭებდა ზრდა მთავრობის თავდაპირველ წინადადებას არ გასცდენოდა. ვინაიდან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭომ მიიღო, რისი ვადაც მთავრობას 15 სექტემბრამდე ჰქონდა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში პოლონეთში მინიმალური ხელფასი ჯამში 3 056 ზლოტით გაიზარდა — 2015 წლის 1 750 ზლოტიდან 2027 წლისთვის 4 950 ზლოტამდე. ანაზღაურების ყველაზე მკვეთრი მატება 2023 და 2024 წლებში დაფიქსირდა, როდესაც მაღალი ინფლაციის გამო მინიმალური ანაზღაურება წელიწადში ორჯერ იზრდებოდა.
2023 წლის 1 იანვრიდან მინიმალურმა ხელფასმა 3 490 ზლოტს მიაღწია, ხოლო ამავე წლის 1 ივლისიდან — 3 600 ზლოტს (ჯამში 2022 წელთან შედარებით ზრდამ 590 ზლოტი შეადგინა). 2024 წლის 1 იანვრიდან მაჩვენებელი 4 242 ზლოტამდე გაიზარდა, 1 ივლისიდან კი — 4 300 ზლოტამდე, რაც წინა წელთან შედარებით 700 ზლოტით მეტი იყო.
მოამზადა ნათია ქიმაძემ