
ვარშავამ თავდაცვის სფეროში მასშტაბური გარდატეხა გამოაცხადა: პოლონეთის შეიარაღებული ძალების შეკვეთების ნახევარს უკვე ადგილობრივი მწარმოებლები იღებენ. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა, კელცეში მიმდინარე თავდაცვითი მრეწველობის 34-ე საერთაშორისო გამოფენაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, შიდა და უცხოურ შესყიდვებს შორის 50/50-ზე ბალანსის მიღწევა მნიშვნელოვნად განაპირობა ევროკავშირის უსაფრთხოების ახალმა ინიციატივამ - SAFE პროგრამამ (150 მილიარდი ევროს მოცულობის შეღავათიანი სესხის მექანიზმი). პოლონეთი ამ ფონდის უდიდესი ბენეფიციარია და მას 43.7 მილიარდი ევრო გამოეყო. ვარშავის საბოლოო მიზანი თურქეთის მოდელის გაზიარებაა, სადაც ადგილობრივი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არმიის საჭიროებების 80%-ს ფარავს.
სიახლეები პოლონეთის თავდაცვითი სექტორიდან:
-
დრონების საწინააღმდეგო ახალი სისტემა (MBDA & WITU): საერთაშორისო სარაკეტო გიგანტი MBDA და პოლონეთის შეიარაღების სამხედრო-ტექნიკური ინსტიტუტი ერთობლივად ქმნიან დაბალბიუჯეტიან, ბგერათგადამცემ სარაკეტო სისტემას, რომელიც მასშტაბური საჰაერო იერიშებისა და დრონების მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული. სისტემაში გამოყენებული იქნება MBDA-ს CMI საბრძოლო ქობინი, რომლის წარმოებასაც პოლონეთში გეგმავენ. პირველი გამოცდები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლა მომავალ წელს იგეგმება.
-
Piorun-ის საერთაშორისო აღიარება: პოლონური წარმოების გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში მაღალი ეფექტურობა დაამტკიცა. დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამიზნეების განადგურებაზე ოპტიმიზებული სისტემა უკვე ექსპორტირებულია აშშ-ში, ნორვეგიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
-
სუბორბიტალური რაკეტა PERUN-ის წარმატებული ტესტირება: პოლონურმა კომპანია SpaceForest-მა უსტკას პოლიგონზე 11.5-მეტრიანი მრავალჯერადი რაკეტა PERUN-ის მორიგი საცდელი გაშვება წარმატებით განახორციელა. ტესტირებამ წევის ვექტორის მართვის სისტემის გამართულობა დაადასტურა. რაკეტას 150 კმ სიმაღლეზე 50 კგ-მდე ტვირთის ატანა შეუძლია.
-
1000 კილომეტრის რადიუსის უპილოტო დარტყმითი სისტემები: პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო იწყებს ადგილობრივი წარმოების შორ მანძილზე მოქმედი დრონების გამოცდას. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით,ღრმა წერტილოვანი დარტყმის პროგრამის მიზანია პოტენციური აგრესორის შეკავება და მისთვის თავდასხმის ფასის მაქსიმალურად გაზრდა. გამოცდები უსაბრძოლო დრონებით, სპეციალურად გამოყოფილ საჰაერო დერეფნებში ჩატარდება.
მოამზადა ნათია ქიმაძემ