
ვარშავის აეროპორტის მესაზღვრეებმა, პოლონეთის პოლიციის ცენტრალურ საგამოძიებო ბიუროსთან (CBŚP) ერთობლივი ოპერაციის შედეგად, საბერძნეთიდან ჩაფრენილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „კანონიერი ქურდის“ სტატუსი აქვს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული შემოწმებით დადგინდა, რომ დაკავებული პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა და პირდაპირ საფრთხეს წარმოდგენდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის.
საზღვრის დაცვის სამსახურის (Straż Graniczna) მონაცემთა ბაზების სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცი წლების განმავლობაში ცდილობდა მართლმსაჯულებისგან თავის არიდებას:
-
დადგინდა, რომ ის 39 სხვადასხვა პერსონალურ მონაცემს (ყალბ ვინაობას) იყენებდა.
-
საფრანგეთისა და გერმანიის სამართალდამცავი უწყებების ბაზებში მასზე გაცემული იყო სპეციალური გაფრთხილებები ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისა და თავისუფლების აღკვეთის განაჩენის გამო.
სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, დაკავებულს ოფიციალურად წარედგინა სისხლის სამართლის ბრალდება ყალბი მონაცემების გამოყენებასა და ცრუ განცხადების გაკეთებაზე.
პოლონურმა მხარემ უსაფრთხოების მაღალი რისკების გათვალისწინებით იმოქმედა - რათა აღკვეთილიყო მისი მხრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე კრიმინალური ქსელის გაფართოება ან ადგილობრივად მიმალვა.
მოამზადა ნათია ქიმაძემ