
პოლონეთში სრულიად ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა მედიაწიგნიერების პროგრამა, რომლის მიზანია მოსწავლეებს ყალბი ცნობების, თაღლითური მანიპულაციებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ფოტო-ვიდეო მასალების ამოცნობა ასწავლოს. პროექტი სახელწოდებით „რა არის სიყალბე“ 17 სექტემბერს დაიწყება და 10-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებზეა გათვლილი.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ისწავლიან წყაროების გადამოწმებას, საინფორმაციო ნაკადით მანიპულირების ხერხების ცნობასა და საღ აზროვნებას. დაგეგმილია საჯარო საუბრები, ფილმების ჩვენებები მცდარი ინფორმაციის შესახებ, პოლონურ კინოში პროპაგანდისა და ცენზურის ისტორიის გაცნობა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საინფორმაციო ფალსიფიკაციასთან გამკლავებაზე.
პოლონეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, ახალგაზრდები სრულიად განსხვავებულ საინფორმაციო გარემოში ცხოვრობენ, რის გამოც წყაროების გადამოწმება და ინფორმაციასთან ცნობიერი ურთიერთობა დღევანდელ სამყაროში აუცილებელი უნარი გახდა.
2028 წლამდე დაგეგმილ პროექტს ლოძის კინოკულტურის ეროვნული ცენტრი და ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაცია „დემაგოგი“ ახორციელებენ. ინიციატივის ჯამური ბიუჯეტი 3 მილიონი ევროა, საიდანაც 2.7 მილიონ ევროს პოლონეთის კულტურის სამინისტრო გამოყოფს.
მოამზადა ნათია ქიმაძემ