პოლონეთის განათლების სისტემაში ჯანმრთელობის გაკვეთილები სავალდებულო ხდება: პოლიტიკური დაპირისპირება

2026/2027 სასწავლო წლიდან პოლონეთის სკოლებში იწყება ახალი სავალდებულო საგნის — ჯანმრთელობის განათლების (edukacja zdrowotna) სწავლება. გასულ სასწავლო წელს აღნიშნულმა საგანმა „ოჯახური ცხოვრებისთვის მომზადების“ (WDŻ) კურსი შეცვალა და აქამდე არასავალდებულო ხასიათს ატარებდა.

  • სექსუალური ჯანმრთელობის მოდული: აღნიშნული საგნის ფარგლებში სექსუალური ჯანმრთელობის ბლოკი რჩება ფაკულტატური (ნებაყოფლობითი) და მასზე დასწრება მხოლოდ მსურველ მოსწავლეებს შეეძლებათ.

  • სამართლებრივი დავა: საკონსტიტუციო ტრიბუნალში ამჟამად განხილვის პროცესშია პარტია კანონი და სამართლიანობის (PiS) სარჩელი, რომელიც ჯანმრთელობის განათლების დამნერგავი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

  • პედაგოგების კვალიფიკაცია: საგნის სწავლება, შესაბამისი პედაგოგიური მომზადების გავლის შემთხვევაში, ფარმაცევტებსა და ლაბორატორიულ დიაგნოსტებსაც შეეძლებათ.

საათების განაწილება და დატვირთვა

დაწყებითი სკოლა (IV–VIII კლასები):

  • სავალდებულო ნაწილი: კვირაში 1 საათი. VIII კლასში გაკვეთილები ჩატარდება იანვრის ბოლომდე.

  • საათობრივი შემცირება: ყოველ სასწავლო წელს სავალდებულო საათები მცირდება: IV–VI კლასებში 1 საათით, ხოლო VII–VIII კლასებში — 2 საათით.

  • არასავალდებულო მოდული (სექსუალური ჯანმრთელობა): სავალდებულო პროგრამიდან გამოთავისუფლებული საათები ეთმობა ნებაყოფლობით ბლოკს. IV–VI კლასებში ჩატარდება წელიწადში 1 საათი, ხოლო VII–VIII კლასებში — წელიწადში 2 საათი.

საშუალო სკოლა (ლიცეუმი, ტექნიკუმი, I საფეხურის პროფესიული სკოლა):

  • სავალდებულო ნაწილი: კვირაში 1 საათი, სკოლის დირექტორის შერჩევით ორ კლასში (I და II, II და III, ან I და III). ყოველ სასწავლო წელს საგნის საერთო დატვირთვა მცირდება 3 საათით.

  • არასავალდებულო მოდული (სექსუალური ჯანმრთელობა): არჩეულ ორ კლასში ჩატარდება წელიწადში 3 საათის ოდენობით.

    მოამზადა ნათია ქიმაძემ