
პოლონეთი ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას აქტიურად აძლიერებს. რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, ქვეყანამ სამხრეთ კორეისგან მორიგი სამხედრო ტანკების ჯგუფი მიიღო, ხოლო ვარშავის მერია დედაქალაქის ცენტრის დასაცავად სპეციალური საჰაერო მონიტორინგის სისტემის შეძენას გეგმავს.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სამხრეთ კორეული წარმოების 28 ერთეული საბრძოლო ტანკი ჩავიდა. აღნიშნული ტექნიკის მიწოდება მხარეებს შორის გაფორმებული მასშტაბური კონტრაქტის ნაწილია, რომელიც ჯამში 180 სამხედრო მანქანის, მათ შორის 64 ტანკის მიწოდებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტექნიკა ნაწილობრივ პოლონური კომპონენტებით არის აწყობილი, რაც ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებასაც უწყობს ხელს.
პარალელურად, პოლონეთის დედაქალაქი საჰაერო უსაფრთხოების ზომებსამკვეთრად ზრდის. ვარშავის მერია 1 მილიონი ზლოტის (დაახლოებით 232 000 ევროს) ღირებულების მაღალტექნოლოგიური სისტემის შეძენას გეგმავს, რომელიც ქალაქის ცენტრის თავზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენასა და იდენტიფიცირებას მოახდენს.
როგორც ვარშავის პრესსპიკერმა პოლონურ მედიასთან განმარტა, ახალი სისტემა საჰაერო სივრცეს მუდმივად გააკონტროლებს. ეს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, პოტენციური საფრთხეები ადრევე შეამჩნიოს და ოპერატიული რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან ამჟამად მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ძირითადად მხოლოდ თვითმხილველთა შეტყობინებებით ვრცელდება.
უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულმა რისკებმა განაპირობა. ბოლო პერიოდში პოლონეთის საჰაერო სივრცეში რამდენჯერმე დაფიქსირდა რუსული სამხედრო ტექნიკის შემოჭრა. მაგალითად, მასშტაბური თავდასხმების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი რუსული დრონი შემოვიდა, რომელთა ნაწილიც ქვეყნისა და ნატოს ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა.
ვარშავის უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლის, იაროსლავ მისტალის თქმით, ახალი აღჭურვილობის შესყიდვა მიმდინარე წელსვე იგეგმება. ხარჯების 20%-ს ვარშავის მერია დაფარავს, ხოლო დარჩენილი 80% მთავრობის სამოქალაქო დაცვისა და თავდაცვის პროგრამიდან გამოიყოფა. სტრატეგიული ობიექტებისა და მგრძნობიარე ლოკაციების უსაფრთხოების მიზნით, დეტალური მდებარეობები მკაცრად კონტროლდება და არ საჯაროვდება.
მოამზადა ნათია ქიმაძემ