ვარშავაში ქართველმა მამაკაცმა სამთავრობო ავტომობილი შეაჩერა: ინციდენტის დეტალები

ვარშავის ცენტრში საქართველოს  მოქალაქე დააკავეს მას შემდეგ, რაც მან გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს ავტომობილი იძულებით გააჩერა, შემდეგ კი მანქანაზე ავიდა და მასზე გადაიარა. ავტომობილში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰანა მაიშჩიკი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა 20 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე, ვარშავის ცენტრში, Nowy Świat-ის ქუჩაზე, გენერალ შარლ დე გოლის სახელობის წრიულ მოძრაობასთან მოხდა.

RMF FM-ის ინფორმაციით,საქართველოს მოქალაქე მოძრაობის ზოლის შუაში მიდიოდა. ამ დროს შუქნიშნიდან დაიძრა პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. მამაკაცის ქმედების გამო ავტომობილის მძღოლი იძულებული გახდა მანქანა გაეჩერებინა.

ამის შემდეგ მამაკაცი ავტომობილზე ავიდა და მასზე გადაიარა.

შემთხვევის ადგილზე ახლოს იმყოფებოდნენ პოლიციის პრევენციის დანაყოფის თანამშრომლები, რომლებმაც მამაკაცი დააკავეს.

RMF FM-ის ცნობით,საქართველოს მოქალაქე შემთხვევის დროს ფხიზელი იყო და პოლონეთში ლეგალურად იმყოფება.

ასევე ცნობილია, რომ ის პოლიციისთვის წარსულშიც იყო ცნობილი საგზაო სამართალდარღვევების გამო.

მამაკაცი ვარშავის ცენტრალური რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიცია აგრძელებს საქმის მასალების შეგროვებასა და ინციდენტის გარემოებების შესწავლას.

სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ იყო წარდგენილი.

მოამზადა ნათია ქიმაძემ