ვარშავაში ავტომობილების ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ვარშავის პოლიციამ დაასრულა ოპერაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დედაქალაქში ავტომობილების გაქურდვა და ძვირადღირებული ნივთების მითვისება. სამართალდამცავების ცნობით, დამნაშავეები მოქმედებდნენ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც მათ საშუალებას აძლევდა, ავტომობილების უსაფრთხოების სისტემები გვერდი აეარათ.

დაკავებულები იყენებდნენ ე.წ. „ჩემოდანის“ მეთოდს . ეს ტექნოლოგია გულისხმობს ავტომობილის გასაღების სიგნალის გადაჭერას, რაც დამნაშავეებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად გააღონ ავტომობილი და მოიპარონ მასში დატოვებული ღირებული ნივთები. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ქმედებები დაფიქსირდა სათვალთვალო კამერების მიერ, რამაც გამოძიებას დამნაშავეთა იდენტიფიცირების საშუალება მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები ვარშავის ტერიტორიაზე ხდებოდა, ეჭვმიტანილები პოლიციამ კატოვიცეში დააკავა. სამართალდამცავებმა ჩაატარეს ოპერატიული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც დადგინდა მათი ადგილსამყოფელი. დაკავების მომენტში პირები არ გაუწევიათ წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ისინი შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. სამართალდამცავი ორგანოები აგროვებენ მტკიცებულებებს, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო ეპიზოდებიც. საქართველოს მოქალაქეებს ბრალი ედებათ ქურდობაში, რაც პოლონეთის კანონმდებლობით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიება აგრძელებს მუშაობას საქმის დეტალების დასაზუსტებლად.

მოამზადა ნათია ქიმაძემ