პოლონეთის ახალი კანონმდებლობა უცხოელთა დასაქმებაზე: სადავო ცვლილებები

2026 წლის 22 აგვისტოდან პოლონეთში კოლუმბიის, ვენესუელასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების წესები მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები უვიზო მიმოსვლის რეჟიმით მუშაობას აღარ შეძლებენ და ლეგალური დასაქმებისთვის ეროვნული სამუშაო ვიზის მიღება დასჭირდებათ. ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზეზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და უვიზო რეჟიმის არადანიშნულებისამებრ გამოყენების პრევენციაა.

7 აგვისტოს გამოქვეყნებული რეგულაცია არ ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს მათთვის, ვინც ქვეყანაში ლეგალურად შევიდა და სამუშაო ნებართვის გაცემას ელოდება. სავოევოდო ოფისებში არსებული ბიუროკრატიული შეფერხებებისა და საქმეთა სიმრავლის გამო, ადმინისტრაციული პროცედურები, ნაცვლად კანონით დადგენილი 1-2 თვისა, ხშირად 3-დან 6 თვემდე გაჭიანურებულია. ექსპერტთა შეფასებით, თუ ამ პირთა საქმეები 22 აგვისტომდე არ გადაწყდება, მათ განაცხადებს უარყოფა ემუქრებათ, რაც თვეობით მომლოდინე მიგრანტებს ურთულეს ვითარებაში ჩააყენებს.

ახალი წესები განსხვავებულად ეხება მათ, ვისაც სამუშაო ნებართვა უკვე გაცემული აქვს - ისინი შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას უვიზო ყოფნის ვადის ამოწურვამდე. იურისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი დიფერენციაცია სერიოზულ კონსტიტუციურ კითხვებს აჩენს, რადგან თანაბარ პირობებში მყოფი პირები მხოლოდ ოფისის ნელი მუშაობის გამო უთანასწორო მდგომარეობაში ვარდებიან, რაც ლახავს შეძენილი უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს. პრობლემის მასშტაბურობაზე მოწმობს ისიც, რომ მხოლოდ 2025 წელს ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებზე 39,000-ზე მეტი სამუშაო ნებართვა გაიცა. ექსპერტები ითხოვენ გარდამავალი ნორმების სასწრაფოდ ამოქმედებას, რათა 22 აგვისტომდე შესული განაცხადები ძველი წესით განიხილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური და ორგანიზაციული ზიანი მიადგებათ როგორც მიგრანტებს, ისე პოლონელ დამსაქმებლებს.

დეტალური განმარტებები და რისკების ჩამონათვალი:

  • ახლად შემოსულები უვიზო რეჟიმით: შეზღუდვა პირდაპირ ეხება მათ, ვინც ახლა გეგმავს პოლონეთში შემოსვლას უვიზო რეჟიმით სამუშაოდ - მათ აუცილებლად დასჭირდებათ ეროვნული სამუშაო ვიზა.

  • ვინც  პირველა ნებართვას ელოდება: ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია. გარდამავალი პერიოდის არარსებობის გამო, თუ სავოევოდო ოფისი 22 აგვისტომდე ვერ გასცემს სამუშაო ნებართვას, დიდია განაცხადზე უარის თქმის ალბათობა. დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, მუშაობის დასაწყებად მოუწევთ სამშობლოში დაბრუნება და D ტიპის ვიზის აღება.

  • ვინც წლებია პოლონეთშია და მორიგ ბინადრობის ბარათს (Karta Pobytu) ელოდება: ეს ცვლილება არ ეხება ბინადრობის ბარათის განხილვის პროცესს. თუ პირს აქვს მოქმედი სტატუსი, წინა ბარათი, ვიზა ან პასპორტში დასმული შტამპი, ის ჩვეულებრივად ინარჩუნებს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის უფლებას.

  • პირები, რომელთაც ნებართვა უკვე გაცემული აქვთ: მათ, ვისაც 22 აგვისტომდე უკვე ხელთ აქვთ მოქმედი სამუშაო ნებართვა, შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება უვიზო ყოფნის ვადის ამოწურვამდე.

  • იურისტებისა და ექსპერტების მოთხოვნა: იურისტები ითხოვენ გარდამავალი ნორმების დაწესებას, რათა 22 აგვისტომდე წარდგენილი განაცხადები ძველი წესით განიხილონ და არ დაზარალდნენ როგორც მიგრანტები, ისე პოლონელი დამსაქმებლები.

    მოამზადა ნათია ქიმაძემ