პოლონეთში 22 აგვისტოს ახალი რეგულაცია ამოქმედდება: ცვლილებები სავიზო რეჟიმში

2026 წლის 22 აგვისტოს პოლონეთის რესპუბლიკაში ძალაში შედის ახალი დადგენილება, რომელიც არსებითად ცვლის უვიზო მიმოსვლის წესებს სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეგულაცია შეეხება კოლუმბიის, საქართველოსა და ვენესუელას მოქალაქეებს, რომელთათვისაც პოლონეთში უვიზო რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობა იზღუდება. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი ქვეყანაში არალეგალური დასაქმებისა და არალეგალური ყოფნის მასშტაბების შემცირებაა.

პოლონეთის მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები უკავშირდება მიგრაციული ნაკადების მართვის გამკაცრებას. ბოლო პერიოდში პოლონეთის შრომის ბაზარზე დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები უვიზო რეჟიმს იყენებდნენ არა მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის, არამედ პოლონეთში დასაქმების მიზნით, რაც ხშირად ხდებოდა მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით. ოფიციალური მონაცემებით, არალეგალური დასაქმების შემთხვევების ზრდამ აიძულა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, გადაედგა ეს ნაბიჯი და დაეწესებინა დამატებითი ბარიერები.

მიუხედავად ხელისუფლების არგუმენტებისა, დარგის ექსპერტები, რომლებმაც საკითხი პოლონურ გამოცემა Puls HR-თან განიხილეს, სკეპტიკურად უყურებენ ახალი რეგულაციის ეფექტიანობას. მათი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება უფრო მეტად პრობლემის შედეგებთან ბრძოლას ისახავს მიზნად და არა თავად მიზეზებთან.

,,ახალი წესები მკურნალობს შედეგებს და არა მიზეზებს, რაც არსებითად ვერ შეცვლის შრომის ბაზარზე არსებულ დისბალანსს», - აღნიშნავენ სპეციალისტები.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეზღუდვები შესაძლოა გახდეს დამატებითი ბიუროკრატიული დაბრკოლება როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე იმ უცხოელებისთვის, რომლებიც პოლონეთში ლეგალურად მუშაობის სურვილს გამოთქვამენ.

2026 წლის 22 აგვისტოდან პოლონეთში ჩასულმა კოლუმბიის, საქართველოსა და ვენესუელას მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უვიზო რეჟიმის ფარგლებში მუშაობის უფლება აღარ იქნება გარანტირებული. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, ვისაც პოლონეთში დასაქმება სურს, მოუწევს შესაბამისი სამუშაო ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მიღება, რაც პროცედურულად უფრო ხანგრძლივი და რთული გზაა. დამსაქმებლებისთვის ეს ნიშნავს დამატებით პასუხისმგებლობას უცხოელი მუშახელის დოკუმენტაციის შემოწმებასთან დაკავშირებით.

მოამზადა ნათია ქიმაძემ