Story Image
2026 წლის 22 აგვისტოდან პოლონეთში ამოქმედდება ახალი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე დაშვების პირობებს ფუნდამენტურად ცვლის. სიახლე შეეხება იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით იმყოფებიან და დასაქმებას zezwolenie na pracę-ს (სამუშაო ნებართვის) საფუძველზე გეგმავენ.

ძირითადი ცვლილება: უვიზო ყოფნა + სამუშაო ნებართვა საკმარისი აღარ არის

ახალი წესის მიხედვით, 22 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქე ვეღარ შეძლებს ახალი სამუშაოს დაწყებას მხოლოდ სამუშაო ნებართვით, თუ მისი პოლონეთში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ უვიზო რეჟიმია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რას არ ნიშნავს აღნიშნული ცვლილება:

  • არ უქმდება უვიზო მიმოსვლა: საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ პოლონეთში უვიზოდ მოგზაურობა.

  • არ იკრძალება დასაქმება: საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში მუშაობის უფლება არ ეთმობათ; იცვლება მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი.

ახალი სამუშაოს დასაწყებად მოქალაქეს დასჭირდება ქვეყანაში ყოფნისა და მუშაობის ისეთი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში დასაქმების უფლებას იძლევა - მაგალითად, შესაბამისი ეროვნული (სამუშაო) ვიზის მიღება.

გარდამავალი წესი უკვე დასაქმებულთათვის

რეგულაცია ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას მათთვის, ვინც პოლონეთში უკვე მუშაობს:

  • თუ საქართველოს მოქალაქე უვიზო რეჟიმით იმყოფება, აქვს zezwolenie na pracę და 2026 წლის 22 აგვისტომდე ფაქტობრივად უკვე დაიწყო მუშაობა, მას უფლება აქვს გააგრძელოს აღნიშნული საქმიანობა.

  • გადამწყვეტია სამუშაოს რეალურად დაწყების თარიღი და არა მხოლოდ ნებართვის ფლობა. პირებს, რომლებსაც სამუშაო ნებართვა მიღებული აქვთ, თუმცა მუშაობა 22 აგვისტომდე არ დაუწყიათ, სამართლებრივი მდგომარეობის წინასწარ გადამოწმება მართებთ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომითი პირობების ცვლილება პოლონეთის მიგრაციული პოლიტიკის საერთო გამკაცრების ნაწილია. 2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველო უკვე ამოიღეს იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებსაც გამარტივებული პროცედურით - oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi-ით - დასაქმება შეეძლოთ.

სამართლებრივი საფუძველი

ახალი რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში (Dziennik Ustaw) 2026 წლის 7 აგვისტოს გამოქვეყნდა (Dz.U. 2026 poz. 1072 — Rozporządzenie Ministra Rodziny, Pracy i Polityki Społecznej z dnia 31 lipca 2026 r.).

პოლონეთში მყოფ ან გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევენ, ინდივიდუალურად გადაამოწმონ დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში დროულად იზრუნონ შესაბამისი სამუშაო ვიზის ან ბინადრობის უფლების მოპოვებაზე.

მოამზადა ნათია ქიმაძემ