
პოლონეთში 11 ნოემბრის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა შესაძლოა არა მსუბუქი შემოდგომის ქურთუკებით, არამედ მძიმე ზამთრის ეკიპირებით მოგიწიოთ. ამერიკული მეტეოროლოგიური მოდელის უახლესი სიმულაციები აჩვენებს, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში ქვეყანას არქტიკული ჰაერის მასები და მკაცრი ზამთარი უახლოვდება. თუმცა, სინოპტიკოსები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ - პროგნოზები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
არქტიკული „დარტყმა“ და ნოემბრის ყინვები
ამერიკული გლობალური პროგნოზირების სისტემის მონაცემებით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არქტიკული ჰაერის შემოჭრა დაახლოებით 10-11 ნოემბერს არის მოსალოდნელი. პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ტემპერატურა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლოა -8 გრადუსამდე, ხოლო მთისწინეთში -14 გრადუსამდე დაეცეს.
თოვლი შესაძლოა 7-8 ნოემბერს დაიწყოს და ყველაზე ინტენსიური სწორედ სამხრეთ რეგიონებში იყოს. 12 ნოემბრისთვის ამერიკული მოდელი კრაკოვში, სანოკსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 20 სანტიმეტრზე მეტი სისქის თოვლის საფარს პროგნოზირებს, ხოლო ტატრებში ნალექის რაოდენობამ შესაძლოა 50 სანტიმეტრს მიაღწიოს.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სამხრეთისა და აღმოსავლეთის დაბლობებში თოვლის საფარი, სავარაუდოდ, 5-7 სანტიმეტრს არ ასცდება, თუმცა მთიან რაოდენობებში რთული სამგზავრო პირობები და გადაადგილების შეფერხებაა მოსალოდნელი.
რას ამბობენ ევროპელი და ადგილობრივი ექსპერტები?
გრძელვადიანი პროგნოზები ხშირად ცვალებადია და ზამთრის ასეთი მკვეთრი შეჭრა რეალობაში შესაძლოა სულხვასხვანაირად წარიმართოს. ამის დასტურია ევროპული მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებიც, რომელიც მსგავს ,,ცივ შოკს“ არ აჩვენებს - ევროპული მოდელის თანახმად, 9 ნოემბერს პოლონეთის დიდი ნაწილის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
პოლონეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, მიმდინარე ნოემბერი საშუალოზე თბილი იქნება. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ნალექიანობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ნორმის ფარგლებში დარჩება, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ზოგიერთ რაონში ნორმას გადააჭარბებს. მიუხედავად ამისა, სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ ძალიან ცივი ჰაერის ხანმოკლე ნაკადებს, ღამის ყინვებსა და პირველ სველ თოვლს.
მსგავსი შორ მანძილზე გათვლილი პროგნოზები დინამიკურია და მოდელების მომდევნო განახლებებისას სურათი შესაძლოა არსებითად შეიცვალოს. თუმცა, ფაქტია, რომ პოლონეთმა ბოლო პერიოდში ზამთრის მკაცრი ხასიათი უკვე გამოსცადა - გასული წლის იანვარი განსაკუთრებით თოვლიანი და ყინვებით სავსე აღმოჩნდა, სადაც ეროვნული საშუალო ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 3 გრადუსით დაბალი იყო.