
ქართველებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მუშაობენ ან საკუთარ მომსახურებას თანამემამულეებს სთავაზობენ, Facebook-ზე ახალი თემატური ჯგუფი „იქირავე ქართველისგან“ შეიქმნა. ჯგუფის იდეა მარტივია - ერთ სივრცეში გააერთიანოს ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საცხოვრებლის დაქირავება ან გაქირავება, ასევე სხვადასხვა მომსახურების შეთავაზება და მიღება სურთ.
ჯგუფის ადმინისტრატორი, დიმიტრი კობახიძე, Kartuli.News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ იდეა სპონტანურად გაჩნდა. მისი თქმით, სხვადასხვა ქართულ ჯგუფში იმდენად ბევრი განსხვავებული შინაარსის განცხადება ქვეყნდება, რომ საჭირო ინფორმაციის მოძიება ხშირად რთულდება: „თითქმის ყველა ჯგუფში ფასიანი შეთავაზებები ან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული განცხადებები იდება და საბოლოოდ იმას, რასაც ეძებ, ვეღარ პოულობ. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა მხოლოდ ამ თემაზე ორიენტირებული ჯგუფი“.
მისი განმარტებით, ჯგუფში განცხადების განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა ის აუცილებლად უნდა ეხებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ბინის, სახლის ან ოთახის გაქირავებასა თუ დაქირავებას, ასევე ნებისმიერი სერვისის შეთავაზებას ან მოთხოვნას.
ჯგუფის მთავარი მიზანი, ადმინისტრატორის შეფასებით, ქართველებს შორის ეკონომიკური კავშირის გაძლიერებაა: „გვინდა, ქართველების ფული ისევ ქართველებთან დაიხარჯოს. სერვისის მიმწოდებელმა ქართველმა მეტი გაყიდოს, სერვისის მიმღებმა კი ნაკლებ ფასად იყიდოს. ევროპაში და ზოგადად გადასახადები ძალიან მაღალია, რაც მომსახურების ფასს ზრდის. ამას ემატებიან შუამავლები, რომლებიც ხშირად თავად სერვისის მიმწოდებელზე მეტსაც კი შოულობენ“.
სანდოობაზე საუბრისას იგი ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის ადმინისტრაცია არცერთი გარიგების მხარე არ არის და მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა თითოეული განცხადება გამოქვეყნებამდე მოწმდება. „ყველა განცხადებას ადმინისტრატორი ხედავს და გარკვეულ ფილტრს გადის. მაგალითად, არ იდება გუშინ შექმნილი ანგარიშების, უსახელო, ფოტოს გარეშე ან გამოხმაურების არმქონე პროფილების განცხადებები,“ - დასძენს დიმიტრი კობახიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯგუფში შეთავაზებები მოთხოვნებზე მეტია, თუმცა უკვე არსებობს შემთხვევები, როდესაც გამოქვეყნებულ განცხადებებს შედეგიც მოჰყვა. „გარიგებებს პირდაპირ ვერ ვაკონტროლებთ, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა მომხმარებლებისგან ხშირად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ შეთავაზებებს შედეგი მოჰყვა. ჩვენი დაკვირვებით, დაახლოებით ყოველი მეხუთე შეთავაზება წარმატებული აღმოჩნდა“.
ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ადმინისტრატორი მის მკაფიო თემატიკას მიიჩნევს: „ჩვენს ჯგუფში არათემატური პოსტები არ იდება. აქ ვერ შეხვდებით, მაგალითად, სახის კრემების ან სხვა მსგავსი პროდუქტის რეკლამებს. ჯგუფი მხოლოდ იმ განცხადებებს აერთიანებს, რისთვისაც შეიქმნა“.
რაც შეეხება მომავალ გეგმებს, დიმიტრი კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფის მუშაობას აკვირდებიან, თუმცა საინტერესო მედიასაშუალებებსა და ჯგუფებთან თანამშრომლობაც განიხილება: „გვინდა,საინტერესო გვერდებთან და ჯგუფებთან თანამშრომლობა. ახლა დაკვირვების ეტაპზე ვართ, თუმცა მომავალში ჯგუფის პოპულარიზაციაზეც ვფიქრობთ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფი მხოლოდ ქართველი ემიგრანტებისთვის არ არის შექმნილი: „ეს სივრცე ყველასთვისაა. ადამიანს შეუძლია საკუთარი გამოცდილებით შემოსავალი მიიღოს ქართველებისგან და, ამავე დროს, თავადაც ისარგებლოს ქართული სერვისის მომსახურებით“.
თუ თქვენც ეძებთ საცხოვრებელს, გსურთ მისი გაქირავება ან საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობთ ქართველებს, ჯგუფს შეგიძლიათ შეუერთდეთ შემდეგ ბმულზე :
https://www.facebook.com/groups/1333127178867302
მოამზადა ნათია ქიმაძემ