ოფიციალური რეაქცია ბათუმში მომხდარ ინციდენტებზე

თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ოსმან აშქინ ბაკმა მკაცრად დაგმო UEFA-ს ევროპის ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში, სტამბოლის "ბეშიქთაშსა" და ისრაელის გუნდ "ჰაპოელ ბერ-შევას" შორის საქართველოს ქალაქ ბათუმში გამართული შეხვედრის დროს განვითარებული მოვლენები.

თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ოსმან აშქინ ბაკი

მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან "ბეშიქთაშის" გულშემატკივრების მიმართ განხორციელებული ორმაგი სტანდარტები და ძალის პროპორციულად გადამეტებული ზომები მიუღებელია. "სპორტის უნივერსალურ ფასეულობებთან შეუთავსებელია ყოველგვარი დისკრიმინაცია და უსამართლობა. ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ თურქული სპორტისა და ჩვენი გულშემატკივრების უფლებების დაცვას ყველა პლატფორმაზე", - განაცხადა ოსმან აშქინ ბაკმა.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამაც (TFF) ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო მატჩის წინა და მიმდინარე პერიოდში სტადიონზე შავი-თეთრების ფანების წინააღმდეგ გამოვლენილი მიუღებელი ქმედებები. ფედერაციის ცნობით, მიუღებელია სპორტული პრინციპების, ფეარ-პლეისა და ადამიანის ღირსების შემლახველი ნებისმიერი უსაფრთხოების ხარვეზი თუ დისკრიმინაციული მიდგომა.

"მოთხოვნილია ინციდენტების სრულად გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ სათანადო ზომების დაუყოვნებლივ გატარება. TFF ბეშიქთაშისა და დაზარალებული გულშემატკივრების გვერდით დგას," - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

თურქული კლუბების სოლიდარობა

მომხდარ ფაქტს მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის წამყვანი საფეხბურთო კლუბების მხრიდანაც. "ფენერბაჰჩემ", "გალათასარაიმ" და "ტრაბზონსპორმა" სოციალური ქსელებისა და ოფიციალური ვებგვერდების მეშვეობით სოლიდარობა გამოუცხადეს "ბეშიქთაშის" სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.

კლუბების განცხადებებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ თურქულ კლუბებს უწევთ საერთაშორისო მატჩების ნეიტრალურ მოედნებზე ჩატარება, ხოლო ადგილზე მყოფ გულშემატკივრებს უსაფრთხოების კუთხით მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. სავარაუდო დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების მოკვლევა გრძელდება.