პარიზულ გრანდში ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ეპოქალური ასპარეზობა ახალ ეტაპზე გადადის. ავტორიტეტული ფრანგული ტელეკომპანია Canal+-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობა ერთბაშად ოთხ წამყვან ფეხბურთელთან გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას ახალ შრომით ხელშეკრულებებზე. პარიზელთა გეგმებში მეკარე მატვეი საფონოვის, გარემარბების - ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს, ასევე თავდამსხმელ უსმან დემბელეს კონტრაქტების გახანგრძლივება შედის.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის იანვარში "ნაპოლიდან" 70 მილიონ ევროდ შეიძინა. პარიზული გუნდის მაისურით ქართველმა შემტევმა ყველა ტურნირზე უკვე 91 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ ხვიჩას ტიტულების კოლექცია შთამბეჭდავად გაიზარდა. კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მან ითამაშა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, სადაც პსჟ, ჩელსისთან დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შეძლო საგოლე მოქმედების შესრულება (გოლი ან საგოლე პასი). ამ ფენომენალური შედეგით ქართველი ვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
გასულ სეზონში კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მანამდე კი, "ნაპოლის" მაისურით 2022-2023 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზიც ჰქონდა მოპოვებული.
ქართველი ფეხბურთელის აღიარება მოედანს მიღმაც გრძელდება - ფრანგულმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა GQ-მ კვარაცხელია "წლის ადამიანად" დაასახელა და კუთვნილი ჯილდო 18 ნოემბერს პარიზში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე გადასცა.