2026 წლის 5 ნოემბერს საბერძნეთის პოლიტიკური პარტიის, „ლოგიკის ხმის“ (Foní Logikís) ლიდერმა აფროდიტი ლატინოპულუმ ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ლატინოპულუს განცხადებით, მათი მიზანია ათენის ცენტრალურ უბნებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და იმ პირების დაკავება, რომლებსაც, მისი თქმით, ქვეყანაში თავშესაფრის მიღების კანონიერი საფუძველი არ აქვთ.

აფროდიტი ლატინოპულუ

პარტიის ლიდერის ინიციატივა სპეციალური პოლიციური დანაყოფების შექმნას გულისხმობს. ისინი კინოლოგიურ ჯგუფებთან ერთად, ძაღლების დახმარებით, პატრულირებას ისეთ უბნებში განახორციელებენ, როგორიცაა ომონია და აგიოს პანტელეიმონასი.

ლატინოპულუს თქმით, სამართალდამცავებს მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, რათა სამართალდარღვევების აღკვეთა შეძლონ.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, ათენის ქუჩებში პოლიციელები ძაღლებთან ერთად იმორიგელებენ, რათა უბნები იმ პირებისგან გაწმინდონ, რომლებმაც თავშესაფარი უკანონოდ მიიღეს. ეს აუცილებელი ზომაა წესრიგის დასამყარებლად“, – განაცხადა ლატინოპულუმ ტელეკომპანია MEGA-სთან ინტერვიუში.

გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა სოციალური შეღავათების გადახედვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არალეგალური ბანაკები უნდა დაიშალოს, ხოლო იქ მყოფი არასრულწლოვნები განათლების სისტემაში უნდა ჩაერთონ.

ლატინოპულუს განცხადებით, მიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური ხედვა კანონის უზენაესობის დაცვასა და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ეფუძნება.