პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე, კალინინგრადის (კრალევეცის) ოლქის მიმართულებით, პოლონეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უსაფრთხოების ზომები მკვეთრად გაამკაცრეს. სამხედრო დაზვერვის სამსახურისა და უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული გაფრთხილებების საფუძველზე, მოსალოდნელი დივერსიული აქტებისა და შეიარაღებული ჯგუფების შესაძლო გამოჩენის აღსაკვეთად, სასაზღვრო ზონაში პოლიციის დამატებითი ძალები და კონტრტერორისტული დანაყოფები გადაისროლეს. პოლიციის მთავარმა კომენდანტმა განაცხადა, რომ პოდლასიის სავოევოდოში, არმიასთან, სასაზღვრო დაცვასთან და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით, სპეციალური ოპერაციის შტაბი შეიქმნა.

პოლონეთის საზღვარი

ლატვიის პრეცედენტი და ჰიბრიდული ომის ახალი ფაზა

რუსეთის მხრიდან შეიარაღებული დივერსანტების თავდასხმის საფრთხე არაბუნებრივად არ გამოიყურება. მსგავსი ინციდენტი უკვე მოხდა ლატვია-ბელარუსის საზღვარზე, სადაც ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა უკანონო მიგრანტების ჯგუფის ლატვიის ტერიტორიაზე გადაყვანა სცადეს და ადგილობრივ მესაზღვრეებს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრნენ. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება Czarne Rusy-მ აიღო, რაც ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებმა მოსკოვისა და მინსკის კოორდინირებულ ჰიბრიდულ იერიშად შეაფასეს.

ამ მოვლენების ფონზე, პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილემ გამოსცა შიდა ბრძანება, რომლითაც პრევენციულ დანაყოფებს 2-დან 8 ნოემბრამდე საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის შენარჩუნება და სათანადო შეიარაღებით, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა დაევალათ. ოფიციალური უწყება უარყოფს კავშირს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ დაძაბულობასთან და აცხადებს, რომ ეს ზომები მხოლოდ საგარეო საფრთხეებს უკავშირდება.