Story Image

ევროსტატის უახლესი კვლევის თანახმად, პოლონეთის დედაქალაქის რეგიონმა ევროკავშირში შრომის ბაზრის საუკეთესო მაჩვენებლები აჩვენა. 2025 წლის მონაცემებით, 20-იდან 64 წლამდე ასაკის ვარშაველების დასაქმების დონემ თითქმის 87%-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 10 პროცენტული პუნქტით აღემატება.

პოლონეთის დედაქალაქი არა მხოლოდ ზოგადი დასაქმებით, არამედ ახალგაზრდობისა და უმაღლესი განათლების მქონე პირთა შრომის ბაზარზე ინტეგრაციითაც ლიდერობს:

  • უმაღლესი განათლების მქონე პირები: 20–64 წლის დიპლომირებულთა დასაქმება 93,5%-ს შეადგენს.

  • ახალგაზრდული უმუშევრობა: 15–29 წლის ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე სულ რაღაც 7,5%-ია.

  • NEET ჯგუფი (ახალგაზრდები, რომლებიც არც მუშაობენ და არც სწავლობენ): ევროკავშირის საშუალო 11%-იან მაჩვენებელთან შედარებით, ვარშავაში ეს ციფრი რეკორდულად დაბალია — 4,2%.

რატომ უძლებს ვარშავა შრომის ბაზრის რყევებს?

„ვარშავის შრომის ბაზრის სიძლიერესა და სტაბილურობას დიდწილად მისი დედაქალაქური სტატუსი განაპირობებს,“ — განმარტავს ვარშავის დასაქმების სამსახურის დირექტორი, მონიკა ფედორჩუკი.

ქალაქი სთავაზობს სამუშაო ადგილების მრავალფეროვან „მოზაიკას“: საჯარო ადმინისტრირებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაწყებული, მსხვილი კომპანიების სათავო ოფისებითა და დაბალკვალიფიციური ვაკანსიებით დამთავრებული.

ეს მრავალფეროვნება იცავს დედაქალაქს იმ სექტორული კრიზისებისგან, რომლებიც ხშირად აზარალებს შედარებით მცირე ან მხოლოდ ბიზნეს-მომსახურებაზე დამოკიდებულ ქალაქებს. გარდა ამისა, ეკონომიკური რყევებისას საჯარო სექტორი სტაბილიზატორის როლს ასრულებს — მაგალითად, ბოლო პერიოდში საჯარო უწყებებმა აქტიურად დაიწყეს იმ IT სპეციალისტებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების დასაქმება, რომლებიც კორპორაციულ სექტორში შემცირებებში მოყვნენ.

ვარშავა ბერლინისა და ვენის წინააღმდეგ: რატომ ვერ იყენებს დასავლეთი დედაქალაქურ უპირატესობას?

საინტერესოა, რომ დედაქალაქის სტატუსი ყოველთვის არ გარანტირებს ძლიერ შრომის ბაზარს. ევროსტატის მონაცემებით, ვენასა და ბერლინში 20-64 წლის პირთა უმუშევრობის დონე 1,7-ჯერ აღემატება ავსტრიისა და გერმანიის ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.

საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton-ის მთავარი ეკონომისტი, მარცინ მროვეცი განმარტავს, რომ დასავლეთ ევროპისა და პოსტკომუნისტური ქვეყნების შედარება ვაშლისა და მსხლის შედარებას ჰგავს:

  1. დასავლეთში ხელფასების დონე ორჯერ მაღალია და მოქმედებს ბევრად უხვი სოციალური ტრანსფერები. ამის გამო, ბერლინსა თუ ვენაში უმუშევრად ან პასიურ მდგომარეობაში დარჩენა (მათ შორის, მიგრანტებისთვის) ბევრად მარტივია.

  2. ვარშავაში ცხოვრებისა და ბინის ქირის მაღალი ფასების გამო, ქალაქი იზიდავს ძირითადად იმ დინამიკურ ახალგაზრდებს, რომელთაც საკუთარი თავის რჩენის რეალური უნარი და მოტივაცია აქვთ.

დემოგრაფიული გამოწვევები და ქალთა დასაქმება

პოლონეთი ევროპაში ყველაზე სწრაფად დაბერებადი საზოგადოებაა. თუმცა, მარცინ მროვეცის შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში დემოგრაფიულ ცვლილებებს დადებითი ეფექტიც აქვს: შრომის ბაზარზე ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა დამსაქმებლებს აიძულებს, უფრო ფრთხილად მიიღონ თანამშრომელთა გათავისუფლების გადაწყვეტილებები და ნაკლებად პრეტენზიულები იყვნენ კანდიდატების მიმართ.

მთლიანად პოლონეთში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი (73,2%) აღემატება ევროკავშირის საშუალოს (71,3%), რასაც ხელი შეუწყო:

  • ეკონომიკის სტრუქტურულმა ცვლილებებმა (უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნის ზრდამ, სადაც ჭარბობენ ქალები);

  • შობადობის კლებამ (რამაც შეამცირა დედობასთან დაკავშირებული ხან);

  • საბავშვო ბაღებისა და ბაგების ქსელის განვითარებამ და მამების ჩართულობის ზრდამ.


მოამზადა ნათია ქიმაძემ