
პოლონეთის მასშტაბით ათობით ათასი თავშესაფარი მიმდინარე წელს ახალი, სტანდარტიზებული აბრებით მოინიშნება. ეს გადაწყვეტილება მთავრობის იმ ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილია, რომელიც ომის, ტერორისტული თავდასხმისა თუ სტიქიური უბედურების შემთხვევაში მოქალაქეთათვის უსაფრთხო თავშესაფრის სწრაფად მოძიებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება პოლონეთის საზღვართან ახლოს უკრაინაზე რუსული დრონების ხშირ შეტევებსა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდო რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის შემთხვევებს. ამ საფრთხეების საპასუხოდ, პოლონეთის მთავრობამ გასულ წელს სპეციალური აპლიკაციაც ჩაუშვა, რომელიც მოსახლეობას უახლოესი თავშესაფრის პოვნაში ეხმარება.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა ახალი საინფორმაციო ნიშნები. უწყების განცხადებით, წლის ბოლომდე ეს აბრები საზოგადოებრივ სივრცეებში არსებულ ქვეყნის ყველა თავშესაფარ წერტილზე — სულ 86 000-ზე მეტ ობიექტზე — განთავსდება.
ახალი ნიშანი წარმოადგენს ნარინჯისფერ ფონზე გამოსახულ ლურჯ ტოლგვერდა სამკუთხედს, რომლის ქვეშაც მოთავსებულია მწვანე დაფა თეთრი წარწერით: PUNKT SCHRONIENIA (თავშესაფარი წერტილი). სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა აბრების ზომების სტანდარტებიც, რომლებიც იმის მიხედვით იცვლება, თუ სად მაგრდება ნიშანი — შენობის ფასადზე თუ უშუალოდ კარზე.
„ეს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მარტივად და სწრაფად ამოიცნონ ის ადგილები, რომლებიც საბაზისო დაცვას უზრუნველყოფენ ისეთი საფრთხეების დროს, როგორებიცაა საჰაერო თუ ტერორისტული თავდასხმა ან უეცარი მეტეოროლოგიური მოვლენები“, — განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში.
სამინისტრომ უკვე მიიღო შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრული თავშესაფარი წერტილების ახალი სიმბოლოებით სავალდებულო მარკირებას ითვალისწინებს. წესები ძალაში ოთხშაბათს შევიდა.
„შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების თითოეული მფლობელი ვალდებულია, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს ეს ნიშანი და განგაშის შემთხვევაში უზრუნველყოს თავშესაფარზე წვდომა“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
პოლონეთის ახალი რეალობა?
გასულ დეკემბერში პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაუშვა ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია Gdzie się ukryć (სად დავიმალოთ), რომელიც თავშესაფრების ინტერაქტიულ რუკასა და მათკენ მიმავალ მარშრუტებს სთავაზობს მომხმარებელს. თავშესაფარ წერტილებად მიჩნეულია მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები, მეტროსადგურები და მიწისქვეშა ავტოფარეხები, რომელთაც საგანგებო სიტუაციებისას (მათ შორის, რთული ამინდისა და საჰაერო თავდასხმის საფრთხის დროს) დროებითი დაცვის უზრუნველყოფა შეუძლიათ.
უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული უსაფრთხოების რისკების ფონზე, გასულ კვირას პოლონეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მოსახლეობამ საჰაერო თავდასხმის დროს. ინსტრუქცია მოქალაქეებს ურჩევს, გამოიყენონ სპეციალურად გამოყოფილი თავშესაფრები, თუ არსებობს უსაფრთხო მარშრუტი და საკმარისი დრო მათ მისაღწევად, ასევე თან იქონიონ აუცილებელი მედიკამენტები და საევაკუაციო ჩანთა.
პოლონეთის სამთავრობო უსაფრთხოების ცენტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთის — ლუბლინისა და პოდკარპატეს რეგიონების — მცხოვრებლებს შეტყობინებები გაუგზავნა. უწყება მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ უკრაინაზე რუსეთის საჰაერო შეტევის დროს რეგიონში პოლონური სამხედრო ავიაცია მოქმედებდა.
უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრები პოლონელებისთვის ასეთი ინციდენტები ყოველდღიურობის ნაწილად ყალიბდება. RCB-მ ანალოგიური გაფრთხილება ორშაბათსაც გაავრცელა, როდესაც რუსულმა დრონმა უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მიიტანა იერიში.
კვლევითი კომპანია IBRiS-ის მიერ პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ისთვის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლონელების თითქმის ნახევარს ევაკუაციისა და ბარგის ჩალაგებისთვის ნახევარი საათი სრულიად ყოფნის.
მოამზადა ნათია ქიმაძემ