Story Image
10 სექტემბერი ავიაციის მოყვარულთათვის გამორჩეულ დღედ იქცა - პოლონეთის საჰაერო სივრცეში ერთდროულად NATO-სა და მოკავშირე ქვეყნების ექვსი მნიშვნელოვანი ხომალდი დაფიქსირდა.
მონიტორინგის პლატფორმა Polish Military Radar-ის მონაცემებით, საჰაერო აქტივობა მოიცავდა როგორც სტრატეგიულ ლოგისტიკურ გადაზიდვებს, ისე ჰაერში საწვავის შევსების რთულ ოპერაციასა და მაღალი რანგის დიპლომატიურ ფრენას.

NATO-ს საჰაერო ლოგისტიკა ჟეშუვის აეროპორტში

დღის განმავლობაში ჟეშუვის იასიონკას სტრატეგიულ აეროპორტში NATO-ს პარტნიორი ქვეყნების სამი ხომალდი დაჯდა:

  • Boeing CC-177 Globemaster III (კანადა) — მძიმე სატრანსპორტო ხომალდი;

  • Airbus A400M Atlas (გერმანია) — მრავალფუნქციური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი;

  • Socata TBM-700A (საფრანგეთი) — მსუბუქი საკურიერო/სამგზავრო ხომალდი.

ექსპერტთა შეფასებით, კანადური და გერმანული გიგანტების ვიზიტი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ფლანგზე მიმდინარე გეგმურ სამხედრო-ლოგისტიკურ ოპერაციასა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებას უკავშირდება. რაც შეეხება ფრანგულ მსუბუქ ხომალდს, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ბორტზე სამხედრო ან დიპლომატიური პერსონალი იმყოფებოდა.

აშშ-ის საჰაერო მანევრები და ქართული ბორტი

პოლონეთის ცის ცენტრალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ამერიკულმა საჰაერო ოპერაციამ. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საწვავის გამმართველმა — Boeing KC-135R Stratotanker-მა — ფრენის პროცესში საწვავით გამართა საზღვაო საპატრულო და სადაზვერვო ხომალდი Boeing P-8A Poseidon-ი.

ამავე პერიოდში, პოლონეთის საჰაერო სივრცე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო ხომალდმა Bombardier Challenger 850-მა. გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ბორტს ოსლოდან თბილისისკენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი გადაჰყავდა, რომლებიც ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ.

მოამზადა ნათია ქიმაძემ