
2027 წლის 1 იანვრიდან პოლონეთში მინიმალური ხელფასი, მთავრობის წინადადების მიხედვით, 4 950 ზლოტი ბრუტო გახდება. მინიმალური საათობრივი განაკვეთის გაზრდა კი 32,30 ზლოტამდე იგეგმება. საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ 15 სექტემბრამდე უნდა მიიღოს.
პოლონეთში მინიმალური ანაზღაურების მორიგი ზრდა იგეგმება. მინისტრთა საბჭოს მიერ სოციალური დიალოგის საბჭოსთვის წარდგენილი წინადადებით, 2027 წლიდან ქვეყანაში მინიმალური ხელფასი თვეში 4 950 ზლოტი ბრუტო უნდა გახდეს.
ამჟამად, 2026 წელს, პოლონეთში მინიმალური ხელფასი 4 806 ზლოტი ბრუტოა. შესაბამისად, მთავრობის შეთავაზება 144-ზლოტიან, ანუ დაახლოებით 3%-იან ზრდას ითვალისწინებს.
ცვლილება შეეხება მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებასაც. მოქმედი 31,40 ზლოტის ნაცვლად, 2027 წლისთვის მთავრობა 32,30 ზლოტის ოდენობის მინიმალურ საათობრივ განაკვეთს სთავაზობს, რაც 90 გროშით მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე.
პროფკავშირები უფრო მაღალ მინიმალურ ხელფასს ითხოვენ
მთავრობის შეთავაზებული ოდენობა დასაქმებულთა წარმომადგენლების მოთხოვნაზე ნაკლებია.
პოლონეთის სამი პროფკავშირული გაერთიანება - NSZZ „Solidarność“, OPZZ და FZZ - ერთობლივ პოზიციაში აცხადებდა, რომ 2027 წელს მინიმალური ხელფასი არანაკლებ 5 200 ზლოტი ბრუტო უნდა ყოფილიყო. პროფკავშირები საკუთარ მოთხოვნას, მათ შორის, დასაქმებულთა ცხოვრების დონის დაცვის აუცილებლობით ასაბუთებენ.
დამსაქმებელთა წარმომადგენლები კი უფრო ზომიერი ზრდის მომხრენი არიან და მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასის მატება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მაჩვენებელს უნდა დაეფუძნოს.
შეთანხმება ვერ შედგა - საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს
საკითხზე შეთანხმების მიღწევა სოციალური დიალოგის საბჭოში (Rada Dialogu Społecznego - RDS) ვერ მოხერხდა. 9 ივლისს გამართული განხილვის შედეგად პროფკავშირებმა, დამსაქმებლებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა საერთო პოზიცია ვერ შეიმუშავეს.
ეს ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ახლა მინისტრთა საბჭოს კომპეტენციაა.
პოლონეთის კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც სოციალური დიალოგის საბჭოში მინიმალური ხელფასის ოდენობაზე შეთანხმება დადგენილ ვადაში ვერ მიიღწევა, მთავრობა მინიმალური ხელფასისა და საათობრივი განაკვეთის ოდენობას 15 სექტემბრამდე დადგენილებით განსაზღვრავს.
ამასთან, მთავრობის მიერ საბოლოოდ განსაზღვრული თანხა არ შეიძლება იყოს იმ ოდენობაზე ნაკლები, რომელიც მან მანამდე სოციალური დიალოგის საბჭოს მოლაპარაკებებისთვის წარუდგინა.
რას ნიშნავს 4 950 ზლოტი ბრუტო?
მნიშვნელოვანია, რომ 4 950 ზლოტი არის ბრუტო და არა ხელზე მისაღები - ნეტო - თანხა.
შესაბამისად, დასაქმებულის რეალურად მისაღები თანხა დამოკიდებული იქნება გადასახადებზე, სოციალური დაზღვევის შენატანებზე და კონკრეტული დასაქმებულის საგადასახადო მდგომარეობაზე.
თუ მთავრობის წინადადება საბოლოოდ ამავე ოდენობით დამტკიცდება, 2027 წლის 1 იანვრიდან ძირითადი მაჩვენებლები ასეთი იქნება:
მინიმალური თვიური ხელფასი: 4 950 ზლოტი ბრუტო
ზრდა 2026 წელთან შედარებით: 144 ზლოტი
პროცენტული ზრდა: დაახლოებით 3%
მინიმალური საათობრივი განაკვეთი: 32,30 ზლოტი
საათობრივი განაკვეთის ზრდა: 0,90 ზლოტი
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: 4 950 ზლოტი ჯერ მთავრობის მიერ შეთავაზებული მაჩვენებელია და არა 2027 წლისთვის უკვე საბოლოოდ დამტკიცებული მინიმალური ხელფასი. სოციალური დიალოგის საბჭოში შეთანხმების მიუღწევლობის შემდეგ საბოლოო ოდენობა მინისტრთა საბჭომ უნდა განსაზღვროს.
მოამზადა ნათია ქიმაძემ