Story Image
ოლონეთში Rodzina 800+ პროგრამის ახალი წესები უკვე ამოქმედდა. ცვლილებები პირდაპირ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთში ლეგალურად ცხოვრობენ, მუშაობენ და შვილებისთვის 800+ დახმარებას იღებენ ან მომავალში განაცხადის შეტანას გეგმავენ.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნების მოქალაქეების კატეგორიას მიეკუთვნებიან, ამიტომ მათთვის პროგრამის მიღების პირობები ნაწილობრივ შეიცვალა.

PESEL ნომერი უკვე სავალდებულოა

2026 წლის 31 იანვრის შემდეგ წარდგენილი ყველა განაცხადისთვის PESEL ნომრის მითითება სავალდებულოა.

PESEL-ის გარეშე წარდგენილი განაცხადი აღარ განიხილება.

დასაქმება 800+ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პირობა გახდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება დასაქმების მოთხოვნას უკავშირდება.

2026 წლის 1 ივნისიდან ZUS უკვე ამოწმებს, არის თუ არა განმცხადებელი პოლონეთში ეკონომიკურად აქტიური. ეს შემოწმება ახალი საანგარიშო პერიოდიდან მოქმედებს და 800+ დახმარების მიღების ერთ-ერთ ძირითად პირობად იქცა.

დასაქმებად ითვლება სხვადასხვა ფორმით შესრულებული საქმიანობა, მათ შორის:

  • შრომითი ხელშეკრულებით (Umowa o pracę) მუშაობა;
  • Umowa zlecenie-ით ან სააგენტოს ხელშეკრულებით მუშაობა;
  • ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობა;
  • ძიძად მუშაობა;
  • სპორტული ან სადოქტორო სტიპენდიის მიღება;
  • კანონით განსაზღვრული სხვა ფორმით დასაქმება.

უმეტეს შემთხვევაში სოციალური დაზღვევის შენატანების ბაზა უნდა შეადგენდეს მინიმალური ხელფასის არანაკლებ 50%-ს.

ვისზე არ ვრცელდება დასაქმების მოთხოვნა

დასაქმების პირობა არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც:

  • 800+ დახმარებას პოლონეთის მოქალაქე ბავშვისთვის იღებენ;
  • ზრდიან 16 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს;
  • ზრდიან 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვს, რომელსაც მინიჭებული აქვს საშუალო ან მძიმე ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობა.

არსებობს გამონაკლისებიც

კანონი ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მინიმალური სადაზღვევო ბაზის მოთხოვნა არ მოქმედებს.

ასეთ კატეგორიებს შორის არიან:

  • უმუშევრობის შემწეობის მიმღები პირები;
  • გარკვეული ტიპის სტიპენდიის მიმღებები;
  • დეკრეტულ ან ავადმყოფობის დახმარებაზე მყოფი პირები;
  • მშობლის შვებულებაში მყოფები;
  • მცირე მეწარმეები, რომლებიც სარგებლობენ Ulga na start, Mały ZUS Plus ან სხვა შეღავათიანი რეჟიმით.

ცალკეული წესები მოქმედებს ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის საფუძველზე დაზღვეული პირებისთვის.

რა ხდება უმუშევრობის შემთხვევაში

თუ საქართველოს მოქალაქე განაცხადის წინა თვეში დასაქმებული არ იყო, მაგრამ განაცხადის შეტანის თვეში უკვე ჯანმრთელობის დაზღვევის ქვეშ იმყოფება, გარკვეულ პირობებში 800+ დახმარების მიღება მაინც შეუძლია.

ასეთ შემთხვევაში დახმარება შეიძლება დაინიშნოს:

  • 3 თვით – თუ ოჯახში ერთი ან ორი ბავშვია;
  • 6 თვით – თუ ოჯახში სამი ან მეტი ბავშვია.

ბავშვი უნდა სწავლობდეს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში

800+ პროგრამით სარგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი სწავლობდეს პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემაში.

ეს შეიძლება იყოს:

  • სავალდებულო სკოლამდელი მომზადება;
  • სკოლა;
  • კანონით განსაზღვრული სხვა სასწავლო ფორმა.

ეს მოთხოვნა არ ვრცელდება:

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე;
  • ბავშვებზე, რომელთაც სასკოლო ვალდებულება გადავადებული აქვთ;
  • იმ შემთხვევებზე, როდესაც სწავლა სხვა კანონით განსაზღვრული ფორმით მიმდინარეობს და ეს შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება.

პოლონეთში ცხოვრება კვლავ აუცილებელი პირობაა

800+ პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ როგორც მშობელი ან მეურვე, ისე ბავშვი რეალურად ცხოვრობდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე.

როდის შეიძლება შეჩერდეს 800+ დახმარების გაცემა

ZUS-ს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს დახმარების გადახდა, თუ დადგინდება ან გაჩნდება ეჭვი, რომ პროგრამის პირობები აღარ სრულდება.

ეს შეიძლება მოხდეს, თუ:

  • ოჯახი აღარ ცხოვრობს პოლონეთში;
  • განმცხადებელი აღარ არის ეკონომიკურად აქტიური;
  • ბავშვი აღარ სწავლობს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ZUS აღნიშნული პირობების შემოწმებას რეგულარულად, ყოველთვიურად ახორციელებს.

რას ნიშნავს ეს ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის?

თუ პოლონეთში ცხოვრობთ და შვილებისთვის 800+ დახმარებას იღებთ ან მის მიღებას გეგმავთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის წარდგენისას PESEL ნომერი სავალდებულოა;
  • აუცილებელია პოლონეთში ეკონომიკურად აქტიური იყოთ, თუ კანონით განსაზღვრულ გამონაკლისში არ ხართ;
  • ბავშვი უნდა სწავლობდეს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როდესაც ეს მოთხოვნა მის ასაკზე ვრცელდება;
  • თქვენც და ბავშვიც რეალურად უნდა ცხოვრობდეთ პოლონეთში.

რატომ ეუბნება ZUS უარს ბევრ საქართველოს მოქალაქეს?

ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, პოლონეთში მცხოვრები საქართველოს არაერთი მოქალაქე 800+ დახმარებაზე უარს ან გადახდის შეჩერებას აწყდება. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ZUS უკვე ავტომატურად ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებელი პროგრამის ყველა მოთხოვნას. ყველაზე ხშირად პრობლემა უკავშირდება პოლონეთში ეკონომიკური აქტიურობის დადასტურებას, სოციალური დაზღვევის (ZUS) შენატანების არქონას ან არასაკმარის ოდენობას, ასევე იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი აღარ სწავლობს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ოჯახი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს პოლონეთში. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევებიც, როდესაც პრობლემა დამსაქმებლის მიერ ZUS-ში არასწორად ან დაგვიანებით წარდგენილ მონაცემებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, უარის მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ZUS-ში არსებული მონაცემების გადამოწმება.

მოამზადა ნათია ქიმაძემ