
ბელარუსის საზღვარზე შეზღუდვები გაგრძელდება, NATO კი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას აგრძელებს
პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვარზე საერთაშორისო დაცვის (თავშესაფრის) მოთხოვნის დროებითი შეზღუდვის კიდევ 60 დღით გახანგრძლივებას გეგმავს. შესაბამისი დადგენილების პროექტის მიხედვით, ახალი ვადა 2026 წლის 20 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
ვარშავა გადაწყვეტილებას ბელარუსისა და რუსეთის მიერ მიგრაციის ჰიბრიდული ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებით ხსნის. ამასთან, მოქმედი წესები კვლავ ითვალისწინებს გამონაკლისებს არასრულწლოვნებისთვის, ორსული ქალებისა და განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირებისთვის.
ამავე კვირაში, ანკარაში გამართულ NATO-ს სამიტზე, მოკავშირეებმა აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისა და სამხედრო ლოგისტიკის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებები მოიცავს საწვავის ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, რაც რეგიონში სამხედრო ძალების უფრო სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
სამიტზე ასევე დადასტურდა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა - NATO-ს წევრი ქვეყნები 2026 წელს 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავენ, ხოლო დახმარების გაგრძელებას 2027 წელსაც აპირებენ.
პოლონეთმა 23 მილიარდი ზლოტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფონდი აამოქმედა
პოლონეთში ოფიციალურად ამოქმედდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფონდი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 23 მილიარდ ზლოტს შეადგენს.
ფონდი დააფინანსებს სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას, კიბერუსაფრთხოების პროექტებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პოლონური თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას. პროგრამით სარგებლობა უკვე შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და შესაბამის სფეროში მოქმედ კომპანიებს.
მთავრობის განცხადებით, ინიციატივის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების, კრიზისებისადმი მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება.
მოამზადა ნათია ქიმაძემ