Story Image

პოლონეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ქვეყნის არაერთ ქალაქში მოსახლეობის 10%-ზე მეტი უკვე არაპოლონელია, ხოლო ამ მაჩვენებლით ლიდერობს სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთის ქალაქი ვროცლავი, სადაც თითქმის ყოველი მეხუთე მცხოვრები უცხოელია.

ეს მონაცემები პოლონეთის სტატისტიკის მთავარი სამმართველოს (GUS) ექსპერიმენტული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი. ტრადიციული დემოგრაფიული მეთოდების - დაბადებების, გარდაცვალებებისა და მიგრაციის სტატისტიკის - ნაცვლად, GUS-მა მოსახლეობის დათვლისთვის გამოიყენა იმ ადამიანების მონაცემები, რომლებმაც საჯარო ადმინისტრაციის სისტემებში ე.წ. ციფრული კვალი დატოვეს.

მხოლოდ იმ პირების გათვალისწინებით, რომლებსაც აქვთ PESEL-ის ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი და შესაბამისი აქტივობა დაფიქსირდათ, მოსახლეობის რაოდენობა სტანდარტულ შეფასებებთან შედარებით დაახლოებით 40 000 ადამიანით მეტი აღმოჩნდა.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მკვეთრი ზრდაა. რეგისტრირებული 38.8 მილიონი ადამიანიდან 2.3 მილიონს მხოლოდ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს, მათი განაწილება რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველაზე მაღალი წილი სწორედ დიდ ქალაქებში ფიქსირდება.

ქალაქები, სადაც უცხოელების წილი ყველაზე მაღალია:

  • ვროცლავი - 19.5%

  • ვარშავა - 14.5%

  • პოზნანი - 12.5%

  • კრაკოვი - 11.3%

მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა მეორე ადგილზეა პროცენტული მაჩვენებლით, აბსოლუტური რაოდენობით სწორედ დედაქალაქში ცხოვრობს ყველაზე მეტი უცხოელი, რადგან მისი მოსახლეობა 2 მილიონს აღემატება. GUS-ის მონაცემებით, პოლონეთის 16 ვოევოდობის ადმინისტრაციულ ცენტრებში საერთო ჯამში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც თითქმის 1 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჭარბობენ პოლონეთში?

უცხოელებს შორის აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეები არიან — ისინი უცხოელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 73%-ს შეადგენს.

პირველ ხუთეულში ასევე შედიან:

  • ბელარუსის მოქალაქეები

  • საქართველოს მოქალაქეები

  • ინდოეთის მოქალაქეები

  • კოლუმბიის მოქალაქეები

ეს ოთხი ჯგუფი ერთად უცხოელთა საერთო რაოდენობის 12%-ზე ოდნავ ნაკლებს შეადგენს.

 

მოამზადა ნათია ქიმაძემ