
კონტინენტს ექსტრემალური სიცხის ტალღა უტევს. ევროპის დიდ ნაწილში ჰაერის ანომალიურად მაღალმა ტემპერატურამ უკვე გამოიწვია ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი პარალიზება და საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება. რიგ ქვეყნებში მეტეოროლოგები მოსახლეობას უმაღლესი დონის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში თერმომეტრის სვეტები უკვე რამდენიმე დღეა 30°C-ს სცილდება, ზოგიერთ ადგილზე კი 40°C-იან ნიშნულსაც გადააბიჯა.
საფრანგეთი: ისტორიული მაქსიმუმი და წითელი განგაში
ქვეყნის დაკვირვების ისტორიაში პირველად, საფრანგეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტს საფრთხის უმაღლესი - წითელი დონე მიენიჭა. 96 დეპარტამენტიდან საგანგებო რეჟიმი 54-ში ამოქმედდა.
კონკრეტულ რეგიონებში სინოპტიკოსებმა რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირეს:
-
შატომეიანი (Châteaumeillant): 43.3°C
-
სენტი (Saintes): 42°C
-
ბორდო: 41.9°C
სინოპტიკური დაკვირვების მთელ ისტორიაში (1947 წლიდან) ყველაზე ცხელი აღმოჩნდა ღამეც - ქვეყნის მასშტაბით საშუალო ტემპერატურამ 21.6°C შეადგინა, რაც წინა რეკორდზე 0.2 გრადუსით მეტია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 45-46°C-საც მიაღწიოს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ, შექმნილი ვითარების გამო კრიზისების მართვის უწყებათაშორისი ჯგუფის საგანგებო სხდომა გამართა. ექსტრემალური პირობების გამო რეგიონების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა და სკოლები დაიხურა, პარიზში კი საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
კრიზისი ევროპის სხვა რეგიონებში
-
იტალია: ჯანდაცვის სამინისტრომ 15 ქალაქში უმაღლესი დონის განგაში გამოაცხადა. ამავდროულად, ქვეყანაში ელოდებიან ძლიერ შტორმს, სეტყვასა და ქარს. საელჩოები და დიპლომატიური მისიები მოუწოდებენ ტურისტებს, მათ შორის პოლონეთის მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და მოერიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას.
-
დიდი ბრიტანეთი: ქვეყნის სამხრეთში სინოპტიკოსები ივნისის ახალ ეროვნულ რეკორდს - 37°C-ს პროგნოზირებენ. ინგლისსა და უელსში ათეულობით სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი ნაადრევად დაასრულოს ან დროებით შეაჩეროს. ლონდონში მიმდინარე კლიმატის კვირეულზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა:
„კლიმატის კრიზისი გვიბიძგებს უფრო მაღალი ტემპერატურებისკენ და გვაახლოებს კატასტროფულ ზღვართან. ლონდონი მხოლოდ განგაშს არ ტეხს - ის დუღს.“
-
ესპანეთი: საგანგაშო ზონაში მოექცა თითქმის მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით კი იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთი და ჩრდილოეთი. საფრანგეთის საზღვართან, ბასკეთში, თერმომეტრები დღის განმავლობაში 40°C-ს უახლოვდება.
● პოლონეთი: ევროპულ სიცხის ტალღას არც პოლონეთი გადაურჩა. ქვეყნის რიგ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურამ 36°C-ს მიაღწია, დედაქალაქ ვარშავაში კი თერმომეტრის სვეტი 35°C-ზე დაფიქსირდა. მაღალი ტემპერატურის ფონზე, ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურები და ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მზეზე ყოფნისგან თავი შეიკავონ.
მიმდინარე მოვლენები მეცნიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, რომ კლიმატის ცვლილება შეუკავებელ ფაზაში შედის. სპეციალისტები გვაფრთხილებენ: მსგავსი ექსტრემალური ანომალიები მომავალში უფრო ხშირი და ინტენსიური გახდება, რაც სერიოზულ გამოწვევებს შეუქმნის ურბანულ ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობასა და გლობალურ ეკონომიკას.
მოამზადა ნათია ქიმაძემ